ქართველები კონფერენს ლიგაზე - კაშიასა და კანკავას გუნდმა პირველად მოიგო, ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ დამარცხდა #1TVSPORT
ქართველები კონფერენს ლიგაზე - კაშიასა და კანკავას გუნდმა პირველად მოიგო, ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ დამარცხდა #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ქართველები ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილ 5 გუნდს წარმოადგენენ და მათმა უმრავლესობამ თამაშები ჩაატარა.

A ჯგუფში დავით ხურციძის „ალაშკერტი“ საშინაო მოედანზე ავსტრიულ „ლასკთან“ უშანსოდ დამარცხდა – 0:3. ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილმა ნახევარმცველმა სომხეთის ჩემპიონის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. „ალაშკერტმა“ სამივე მატჩი წააგო და უქულოდ ბოლო ადგილზეა.

B ჯგუფში ქართველების ორმა გუნდმა ითამაშა. „გენტმა“ ბელგრადში „პარტიზანი“ 0:1 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების და „გენტის“ შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ 80 წუთი ითამაშა, ხოლო თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ საშინაო შეხვედრაში ესტონეთის „ფლორასთან“ 2:2 ითამაშა – გიორგი ლორია და ნიკა ნინუა სათადარიგოებში დარჩნენ, ხოლო ნიკა კაჭარავამ ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა, 69-ე წუთზე კი შეცვალეს. B ჯგუფში სამი ტურის შემდეგ, „გენტი“ 9 ქულით გალიდერდა, ფამაგუსტელები კი 1 ქულით ბოლო ადგილზე არიან.

F ჯგუფში დათა ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში, რომელმაც მოულოდნელად საშინაო არენაზე პირველი მარცხი იწვნია. დანიელების მეტოქე სალონიკის „პაოკი“ იყო, რომელსაც ზედიზედ შვიდი თამაში არ წაუგია და ისტორიაში პირველად, ბოლო სამი გასვლითი მატჩი მოიგო. სტუმრებს დანიის 13-გზის ჩემპიონთან საქმე გაუადვილდათ მე-9 წუთზე მომხდარის გამო, როდესაც დანიელთა მეკარე კამილ გრაბარა მოედნიდან გააძევეს. სტუმრებმა უპირატესობა გამოიყენეს და 2:1 მოიგეს. „პაოკი“ მეორე გუნდია, რომელმაც 2020 წლის ნოემბრის შემდეგ „პარკენ არენა“ გამარჯვებულმა დატოვა.

ამავე ჯგუფში პირველი გამარჯვება იზეიმა ვლადიმირ ვაისის ბრატისლავასსლოვანმა“, რომელმაც სახლში გიბრალტარის „ლინკოლნს“ უმასპინძლა და ანდრე გრინის (46) და ეზეკიელ ჰანტის (84) გოლებით 2:0 დაამარცხა. ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარეს. „კოპენჰაგენმა“ კი F ჯგუფში (6 ქულა) ლიდერობა „პაოკ-ს“ (7) გადაულოცა, „სლოვანი“ (4) მესამეზეა.