კაშია-კანკავას „სლოვანი“ ჰაიფაში დამარცხდა და ევროპალიგაზე გადაინაცვლებს #1TVSPORT
კაშია-კანკავას „სლოვანი“ ჰაიფაში დამარცხდა და ევროპალიგაზე გადაინაცვლებს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანი“ ჰაიფაში „მაკაბის“ ესტუმრა, 3:1 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, მაგრამ ევროსეზონს გააგრძელებს.

განმეორებით შეხვედრაში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს. პირველი მატჩი სლოვაკეთის ჩემპიონმა შინ 2:1 წააგო და განმეორებითი შეხვედრა, მინიმუმ, ორი ბურთის სხვაობით უნდა მოეგო.

თუმცა, სტუმრების გეგმები ვერ განხორციელდა და პირველივე ტაიმში ბრატისლაველებმა ორი გოლი გაუშვეს. 29-ე წუთზე ანგარიში ფრანც პიერომ გახსნა, ხოლო საბა დიამ (45+2) შესვენებამდე სტუმრებს თამაშის გადარჩენის მცირე იმედიც, ფაქტობრივად, გადაუწურა.

სლოვაკებმა ბოლომდე იბრძოლეს და 85-ე წუთზე „სლოვანის“ შემტევმა, მარკო ტოლიჩმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ 90+3-ე წუთზე დინ დავიდმა ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ორი მატჩის ჯამში „მაკაბიმ“ 5:2 (2:1, 3:1) მოიგო და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა, ხოლო ბრატისლავის „სლოვანი“ ევროსეზონს ევროპალიგის პლეი ოფში გააგრძელებს და, მინიმუმ, კონფერენს ლიგის ჯგუფში თამაში გაინაღდა.