არამიწიერი ცივილიზაციები შესაძლოა, თავიანთ პლანეტების უმძლავრეს გრავიტაციულ ძალაში იყვნენ მომწყვდეული
არამიწიერი ცივილიზაციის აქტიურად ძებნის კვალდაკვალ, ხშირია იმედგაცრუება. ხშირად ვპოულობთ მიზეზებსა თუ მტკიცებულებებს, რატომ ვერ მივაგენით მათ და შესაძლოა, ვერც ვერასოდეს მივაგნოთ უკიდეგანო კოსმოსის სივრცეებში.
ახლახან, გერმანელმა ასტროფიზიკოსმა წამოაყენა კიდევ ერთი საკმაოდ დამაჯერებელი მიზეზი, რომელიც შესაძლოა, ხელს გვიშლიდეს არამიწიერ ცივილიზაციასთან შეხვედრაში.
გერმანიის ზონებერგის ობსერვატორიის დამოუკიდებელი მკვლევრის, მაიკლ ჰიპკეს განცხადებით, კოსმოსში გასვლასა და კვლევაში არამიწიერ ცივილიზაციას შესაძლოა, ხელს უშლიდეს ერთი დიდი დაბრკოლება — თავიანთ მშობლიური პლანეტის გრავიტაციული ძალა. კონკრეტულად კი, ამ გრავიტაციისთვის თავის დასაღწევად საკმარისი სიმძლავრის გამწევი ძალის გამომუშავება.
ჩნდება კითხვა — თუკი გასულ საუკუნეში, ადამიანებმა წარმატებით გაუშვეს კოსმოსური ხომალდები მთელ მზის სისტემაში, რატომ ვერ უნდა მოახერხონ იგივე მოწინავე არამიწიერმა სიცოცხლის ფორმებმა?
ჰიპკეს თქმით, პრობლემა მდგომარეობს პლანეტებში, რომლებსაც ეს ჰიპოთეტური არსებები შეიძლება, სამშობლოს უწოდებდნენ.
ასტრონომთა და ასტროფიზიკოსთა ვარაუდით, სიცოცხლისათვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი უნდა იყოს სუპერდედამიწის ტიპის პლანეტები. ეს გახლავთ დედამიწაზე გაცილებით მაღალი მასის მქონე კლდოვანი ეგზოპლანეტები. მათ გაცილებით სქელი ატმოსფერო უნდა ჰქონდეთ, რომელიც ზედაპირზე ან მის შიგნით დაიცავს სიცოცხლის ფორმებს.
ეს სუპერდედამიწების მხოლოდ ერთ-ერთი ბარიერია, მაგრამ საკმაოდ მძლავრი.
„მასიურ პლანეტებზე კოსმოსური ფრენები განსაკუთრებით ძვირი იქნება“, — უთხრა ჰიპკემ Space.com-ს.
თავის ახალ კვლევაში, ჰიპკემ დაიანგარიშა საწვავის ის ოდენობა, რომელიც არამიწიერ არსებათა კოსმოსურ ხომალდს დასჭირდებოდა სუპერდედამიწებისა და უფრო დიდი პლანეტების გრავიტაციული ძალის დასაძლევად.
როგორც გამოთვლები აჩვენებს, თუკი ისინი ჩვეულებრივი რაკეტის საწვავს იყენებენ, საწვავის რესურსი საოცრად მალე ამოიწურებოდა და უბრალოდ შეუძლებელი გახდებოდა გარკვეული საზღვრის გადალახვა.
სუპერდედამიწიდან მთვარის „აპოლოს“ მსგავსი მისიის გასაშვებად, გამწევ რაკეტას ზედაპირიდან მოწყვეტისთვის დაახლოებით 400 000 ტონა საწვავი დასჭირდებოდა. როგორც ჰიპკე წერს, ეს დაახლოებით ხეოფსის პირამიდის მასაა, რაც ქიმიური რაკეტებისათვის საკმაოდ რეალური ხელისშემშლელი ფაქტორი უნდა იყოს.
ჰიპკეს გათვლების მიხედვით, ჩვეულებრივ საწვავზე მომუშავე ქიმიური რაკეტების გაშვება სუპერდედამიწებიდან შესაძლებელი, მაგრამ არაპრაქტიკული იქნება. თუმცა, უფრო დიდ და მასიურ უცხო პლანეტაზე საჭირო იქნება ალტერნატიული პროპულსიური რაკეტების სისტემების ძებნა, მაგალითად ბირთვული ენერგიის გამოყენებით.
რაც უფრო დიდი და მაღალი მასისაა პლანეტა, იგი აღწევს წერტილს, სადაც ქიმიური საწვავი თითქმის სრულიად გამოუსადეგარი ხდება და რაკეტის ყოველი გაშვებისთვის საჭიროა წარმოუდგენლად დიდი ოდენობის საწვავი. ეს კი მნიშვნელოვნად უნდა ამცირებდეს შესაძლო ფრენათა რიცხვს უცხო პლანეტაზე.
რა თქმა უნდა, საუბარია არამიწიერ ცივილიზაციაზე და სრულიად შესაძლებელია, რომ ისინი აბსოლუტურად განსხვავებულ, ისეთ ტექნოლოგიებს იყენებდნენ, რომელთა წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია.
მაგრამ სანამ ისინი ჩვენი თვალთახედვის არეალში გამოჩნდებიან, ალბათ კიდევ მრავალ მიზეზს ვიპოვით, თუ რატომ არ შევხვედრივართ ჯერ არამიწიერ ცივილიზაციებს.
კვლევის რეცენზირებამელი ვერსია ხელმისაწვდომია სერვერ arXiv-ზე.
მომზადებულია Space.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით