ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის N10-ში ახალი სკვერი მოეწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სივრცე განთავსდა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 320 მ 2 ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი მოეწყო, დამონტაჟდა განათებები და საპარკე სკამები. სავალი ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი, ლითონის ღობე მოეწყო. სკვერი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოში რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ და პარლამენტში ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ გახსნეს.
„ჩვენი მიზანია, რაიონში მაქსიმალურად ბევრი გამწვანებული ადგილი და მოსასვენებელი სივრცე გვქონდეს. ეს ტერიტორია ადრე ნაგავსაყრელად იყო ქცეული. დღეს კი, არაგვისპირელის ქუჩის მოსახლეობას შეუძლია, ახალი სკვერით ისარგებლოს, დაისვენოს და ბავშვები გაასეირნოს. მინდა ადგილობრივებს ვთხოვო, სკვერს და თავიანთ უბანს გაუფრთხილდნენ“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
არაგვისპირელის ქუჩაზე ამ დრომდე, დასასვენებელი სივრცე არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას შეუძლია, მოწესრიგებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერით ისარგებლოს. ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები შპს „ტაომ“ განახორციელა.