არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის უწყება სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ „სომხეთის უკანონო ფორმირებებმა თბილისი-ბაქოს ავიარეისზე რადიოსიხშირული ჩარევა განახორციელეს“
არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის უწყება სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ „სომხეთის უკანონო ფორმირებებმა თბილისი-ბაქოს ავიარეისზე რადიოსიხშირული ჩარევა განახორციელეს“

არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის უწყება სიცრუეს უწოდებს აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „სომხეთის უკანონო ფორმირებებმა თბილისი-ბაქოს ავიარეისზე რადიოსიხშირული ჩარევა განახორციელეს“. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, თვითმფრინავი არაღიარებული ყარაბაღის სიახლოვეს არ ყოფილა.

„ამგვარი ცრუ განცხადებების სისტემატურად გავრცელებით აზერბაიჯანი ცდილობს ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფისგან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას და მორიგი პროვოკაციისთვის საინფორმაციო საფუძვლის მომზადებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 18 სექტემბერს სომხეთის უკანონო ფორმირებებმა თბილისი-ბაქოს ავიარეისზე რადიოსიხშირული ჩარევა განახორციელეს, რის შედეგადაც სამგზავრო ლაინერის GPS ნავიგაციის სისტემაში შეფერხება მოხდა.