არაბული მედია - ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად რამდენიმე ათეული პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 15 ადამიანი სპორტულ ცენტრში, სადაც ასობით დევნილი აფარებს თავს
არაბული მედია - ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად რამდენიმე ათეული პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 15 ადამიანი სპორტულ ცენტრში, სადაც ასობით დევნილი აფარებს თავს

ღაზის მასშტაბით ისრაელის თავდასხმების შედეგად რამდენიმე ათეული პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის, 15 ადამიანი სპორტულ ცენტრში, სადაც ომის შედეგად ასობით დევნილი აფარებს თავს. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ღაზის ჯანდაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება არაბული ანკლავის ქალაქ ხან იუნისში, სადაც პალესტინური სამხედრო ჯგუფების მიერ თერმობარული შეიარაღების გამოყენებას ისრაელის მხარეს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელის ძალები ლიბანური დაჯგუფების, „ჰეზბოლას” წინააღმდეგ თავდასხმებს მეტ გეოგრაფიულ რაიონებში გააფართოებს.

ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დასთანხმდა ისრაელისთვის 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკის გაგზავნას. სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს 2 300 ერთეულ ბომბს და 25 ერთეულ „ეფ-35 ეის” ტიპის ავიაგამანადგურებელს. ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ 32 623 ადამიანი დაიღუპა, 75 000-ზე მეტი კი დაშავდა.