არაბი და მუსლიმი მინისტრები პეკინში ვიზიტის დროს ღაზაში ომის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ
არაბი და მუსლიმი მინისტრები პეკინში ვიზიტის დროს ღაზაში ომის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ, რათა ხელი შეუწყონ ჰუმანიტარული დახმარების დაშვებას ღაზის სექტორში. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ოფიციალური პირები საუდის არაბეთიდან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან, ინდონეზიიდან, პალესტინიდან და „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციიდან“ დღეს შეხვედრებს გამართავენ ჩინეთის უმაღლეს დიპლომატთან, ვანგ ისთან.
„ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი: ეს არის ის, რომ სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ ომი და მკვლელობები, სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ ჰუმანიტარული დახმარების მარაგი ღაზაში“, – განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პეკინი არის „არაბული და მუსლიმური ქვეყნების კარგი მეგობარი“ და აღნიშნა, რომ ის „ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს პალესტინელი ხალხის სამართლიან საქმეს, აღადგინონ თავიანთი ლეგიტიმური ეროვნული უფლებები და ინტერესები“.
ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი იმუშავებს იმისთვის, რომ „რაც შეიძლება მალე ჩააქროს ბრძოლა ღაზაში, შეამსუბუქოს ჰუმანიტარული კრიზისი და ხელი შეუწყოს პალესტინის საკითხის ადრეულ, ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მოგვარებას“.