არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირების წესში საკონსტიტუციო სასამართლომ დარღვევა ვერ აღმოაჩინა
არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირების წესში საკონსტიტუციო სასამართლომ დარღვევა ვერ აღმოაჩინა. საქართველოს პარლამენტისა და ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი კომპანიებს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „კასტელ ჯორჯია“ და „წყალი მარგებელი“ ჰქონდათ შეტანილი.
მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ მარკირების წესი მათ ავალდებულებდა საწარმოში სახელმწიფოს მიერ შერჩეული, მარკირების განმახორციელებელი პირის დაშვებას, რომელიც საწარმოო ხაზებზე დააყენებს მარკირების აპარატებს. მხარე მიუთითებდა, რომ მარკირების აპარატები მუშაობს ხარვეზით, იწვევს საწარმოო პროცესის შეფერხებას და ამავე დროს, სათანადოდ ვერ აღრიცხავს წარმოებული პროდუქციის მოცულობას. ამასთან, მარკირების ხარჯების ანაზღაურება მეწარმე სუბიექტებს ეკისრებათ, რაც მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება ინდუსტრიას. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმები არღვევს საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის კონსტიტუციურ უფლებებს.
სასამართლომ კი მიიჩნია, რომ სადავო ნორმები ემსახურებოდა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს – საგადასახადო აღრიცხვის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ამავე დროს, საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა რამე ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტურობით, თუმცა ნაკლები დანახარჯებით, უზრუნველყოფდა წარმოებული პროდუქციის აღრიცხვას.
„სასამართლომ შეაფასა სადავო ნორმებით მეწარმეებისთვის დადგენილი ვალდებულების სიმძიმე. ფინანსურ ტვირთთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ იგი არ იყო განუზომლად მძიმე. სადავო ნორმის ეფექტი არაალკოჰოლური სასმელების თითოეული ბოთლის მაქსიმუმ 2 თეთრით გაძვირებაში გამოიხატებოდა, რაც თავისთავად მის არაკონსტიტუციურობაზე არ მეტყველებდა. ამავე დროს, მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომელიც დაასაბუთებდა მარკირების აპარატის განთავსების გამო საწარმოო პროცესის ინტენსიურ ხელშეშლას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა“, – აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირების წესი 2015 წლის 1 ნოემბერს ამოქმედდა.