აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ საქართველოში შემოვიდა
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ საქართველოში შემოვიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
მშობლების ინფორმაციით, კრიტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე მედიკამენტს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ოთხი ბავშვი მიიღებს. წამალს ეტაპობრივად მიიღებენ დანარჩენი ბავშვებიც.
„ძალიან გახარებული ვართ. ამდენი წლის ოცნება ასრულდა, ბრძოლამ შედეგი გამოიღო. ხვალ ჩემი შვილი პირველი ბავშვი იქნება საქართველოში, ვინც ამ მედიკამენტს გაიკეთებს, შემდეგ – დანარჩენი სამი ბავშვი. ხვალ სულ მკურნალობას დაიწყებს ოთხი ბავშვი. 2024 წელს მედიკამენტს მიიღებს ყველა ბავშვი, ვისაც ასაკობრივად ეკუთვნის და ვისაც ესაჭიროება“, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, ქეთი ბეგიაშვილმა.
როგორც მშობლები აცხადებენ, თავიდან მედიკამენტის გამოყენება მოხდება მრავალპროფილურ, პედიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში და ამისთვის შერჩეულია იაშვილის სახელობის კლინიკა. პროცესს კლინიცისტების მულტიდისციპლინური გუნდი წარმართავს. მშობლების ცნობით, როგორც მსოფლიოშია აპრობირებული, ერთი თვის შემდეგ მედიკამენტს ბინაზე შვილებს თავად გაუკეთებენ.
„ნებისმიერ მედიკამენტს შეიძლება ჰქონდეს გვერდით მოვლენა, ამისთვის მზად ვართ. ჩართულია იაშვილის ექიმების ჯგუფი. ჩვენ ყოველდღიური საუბარი გვაქვს. გუშინ გვქონდა ონლაინჩართვა, რა დროსაც ექიმებმა გვითხრეს, რომ რისკჯგუფები გათვალისწინებულია, მომზადებულია ყველა ექიმი, ექთანი“, – განაცხადა ქეთი ბეგიაშილმა.
სახელმწიფოს მიერ მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შესყიდვას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლების რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციები უძღოდა წინ. პროტესტის კვალდაკვალ სახელმწიფომ გაატარა არაერთი ცვლილება – აქონდროპლაზია შეიტანა იშვიათი დაავადებების სიაში, ხოლო პაციენტებს შშმ პირის სტატუსი განუსაზღვრა. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ აქონდროპლაზიის დაავადების მართვის ეროვნული პროტოკოლი შეიმუშავა და მართვის ერთ-ერთ საშუალებად მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ გაწერა. ზუსტად უცნობია, რა თანხებთან არის დაკავშირებული აქონდროპლაზიის მართვა, თუმცა ცნობილია, ზოგადად, იშვიათი დაავადებების სამკურნალოდ განსაზღვრული წლიური ბიუჯეტი და ის 34 მილიონი ლარია.