აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლის მიხედვით, პირველ ეტაპზე მედიკამენტით 5-6 ბავშვი იმკურნალებს, რადგან წამლის გამოყენების ასაკი შეზღუდულია
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლის მიხედვით, პირველ ეტაპზე მედიკამენტს მიიღებს 5-6 ბავშვი, რადგან წამლის გამოყენების ასაკი შეზღუდულია.
„ბავშვების რაოდენობა განისაზღვრა 5-6 ბავშვით, რადგან წამლის გამოყენებას აქვს ასაკობრივი ზღვარი. ზღვარის შემდეგ მისი გამოყენება აზრს კარგავს, ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ ზუსტად ამ ბავშვებზე გავაკეთებთ აქცენტს. მედიკამენტს ვიყენებთ პირველად და პრაქტიკულად ვიმყოფებით კლინიკური კვლევის დონეზე. ბავშვებზე იქნება მაქსიმალური დაკვირვება.
აქონდროპლაზიასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა და 29-ვე წევრმა დაადასტურა პროტოკოლის მიღება. დღეს იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ ერთხმად მივიღეთ პროტოკოლი. ეს უკვე გვაძლევს საფუძველს, შევიმუშაოთ გეგმა 2023-2024 წლისთვის, როდის, სად, რომელ კლინიკაში და რა მულტიმიმართულების ექიმები მიიღებენ ბავშვებს. ჯერ შერჩეული იქნება ერთი კლინიკა დედაქალაქში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გეგმაში გაწერილია 2023 წელი და პირველი 5-6 ბავშვი, რომელიც შეირჩევა მრავალპროფილური წარმომადგენლობითი ჯგუფის ექიმების მიერ, ისინი წამალს წელს მიიღებენ.
მანამდეც ვთქვით, რომ არის ბიუჯეტი, რჩება მხოლოდ ნიუანსების პუნქტებად გავლა. სახელმწიფო არა მხოლოდ სრულად აფინანსებს „ვოსორიტიდს“, არამედ აქამდეც ამ ბავშვებმა ჩაიტარეს გენეტიკური ანალიზები, სხვადასხვა კვლევა, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, უფასოდ მიიღეს გენეტიკოსის, ტრავმატოლოგის, ორთოპედის, ენდოკრინოლოგის კონსულტაციები. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, მედიკამენტი 2023-ში ადრე შემოვიტანოთ. გეტყვით, რომ, ნამდვილად, ალბათ წელს, შემოდგომაზე მედიკამენტი ჩვენთან იქნება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ დღეს აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა. როგორც საბჭოს წევრმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, სამკურნალო მედიკამენტს პირველ ეტაპზე 11, 12, 13 წლის ასაკის ბავშვები მიიღებენ.
„აქცენტი გავაკეთეთ იმ ბავშვებზე, რომელთაც ასაკის გამო აქვთ ყველაზე ნაკლები პერიოდი დარჩენილი, ვიდრე ამ პრეპარატის მოქმედების ეფექტი იქნება, ანუ ძვლის საზრდელას მინიმალური შესაძლებლობა არის გათვალისწინებული. ეს იქნებიან 11, 12, 13 წლის ასაკის ბავშვები, ვინაიდან მართლაც ცოტა პერიოდი აქვთ დარჩენილი, რათა პრეპარატი იყოს ეფექტური“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.