აქციის მონაწილეებმა თეა წულუკიანს რუსთავში ციხის მშენებლობის შესაჩერებლად 24-საათიანი ვადა მისცეს
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ციხის მშენებლობის შესაჩერებლად 24-საათიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მაშტაბურ საპროტესტო აქციებს, კარვების გაშლასა და ცენტრალური გზის გადაკეტვას აანონსებენ.
აქცია რუსთავის იუსტიციის სახლთან დასრულდა. მანამდე კი აქციის მონაწილეებმა ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. რამდენჯერმე სცადეს ცენტრალური გზის გადაკეტვაც, რაც მათსა და მძღოლებს შორის, ასევე სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლის მიზეზი გახდა.
„არა ციხეს“, – ამ ლოზუნგით უკვე მეოთხე დღეა, რუსთავში საპროტესტო აქცია იმართება. რუსთაველები ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის მესერი დასახლებულ პუნქტთან 30 მეტრშია და თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ.