აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება.
აქციის მონაწილეებმა შეკრება დღეს 19:00 საათიდან პარლამენტთან და სასტუმრო „პარაგრაფთან“ დაიწყეს. პარალელურად, სასტუმროში მიმდინარეობდა ღონისძიება, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ტარდებოდა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სურდათ, ღონისძიების მონაწილეებს გაეგოთ მათი ხმა.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს. შემდეგ კი კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.
აქციის მონაწილეები, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევასთან ერთად, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.