აქციის მონაწილე მშობლები აცხადებენ, რომ მათთვის დიალოგი პირადად არავის შეუთავაზებია და პროტესტს იმ შემთხვევაში შეწყვეტენ, თუ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ პირადად მოისმენენ
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, უხერხულია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას მოწოდება, რომ პროცესები კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში გადავიდეს.
როგორც ერთ-ერთმა მშობელმა, მაკა გოჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დიალოგის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა მშობლებს ასეთი შემოთავაზება პირადად არ მიუღიათ.
„ქალბატონმა თამარმა ყველანაირი მზადყოფნა გამოხატა, რომ მედიკამენტი შემოიტანონ, დაიწყონ პროტოკოლის, გაიდლაინის გამართვა. ასევე, მზადყოფნა გამოთქვა, შეგვხვდეს. ჩვენ ვართ მზად შეხვედრისთვის. ცოტა უხერხულია მისი მხრიდან მოწოდება, რომ ასეთი საკითხები არ უნდა წყდებოდეს ქუჩაში, არამედ დიალოგის რეჟიმში გადაინაცვლოს, მაშინ, როცა ამას არ გვთავაზობს. ჩვენთვის ეს არავის შემოუთავაზებია, ტელევიზიით გავიგეთ. შემოგვთავაზოს, ჩვენთან კომუნიკაციაზე არ გამოდის. ამ განცხადებებს „ფეისბუქიდან“, ტელევიზიებიდან ვისმენთ და აქ ღამეებს ვათენებთ. მოვიდეს ჩვენთან, პირადად გვითხრას. პროტესტი არ არის პროტესტისთვის, პროტესტი არის მედიკამენტისთვის. რა თქმა უნდა, შევწყვეტთ, თუ მათგან ამ ნაბიჯების შესახებ პირადად მოვისმენთ“, – განაცხადა მაკა გოჩიაშვილმა.
კიდევ ერთი მშობლის, ქეთი ბეგიაშვილის განცხადებით, პროტესტს იქამდე განაგრძობენ, ვიდრე შესაბამისი უწყების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება.
„წელიწადი და ოთხი თვეა, ამ მედიკამენტისთვის ვიბრძვით. 29 დეკემბრის შემდეგ მესმის თამარ გაბუნიასგან სიტყვები, რომ საჭიროა დრო, მოლაპარაკებები, ფინანსები. კომპანია „ბიომარინთან“ მოლაპარაკებების შესახებ პირად საუბარში შევეკითხე, რა მოგწერა ბიომარინმა-მეთქი და დამცინა კიდეც, რა ვქნა, პასუხს აგვიანებს, თქვენსავით ვერ მოვაწყვე აქციებიო. თურმე ჩვენ აქციები გვსიამოვნებს და ამის მოწყობაზე ვოცნებობთ. პრემიერი მზადყოფნას თუ აცხადებს ფინანსებზე, მაშინ რა არის პრობლემა? პრეზიდენტმა გვითხრა, სამწუხაროდ, გადამწყვეტი პირი არ ვარო. გამობრძანდეს ბატონი პრემიერი. ვერ გავჩერდებით, ჩვენ ვართ მართალი. გაბუნიაც, ჯანდაცვის მინისტრიც მხოლოდ ორაზროვნად საუბრობენ და არა კონკრეტულად. ალბათ ისინიც პრემიერისგან ელოდებიან გადაწყვეტილებას და კონკრეტული ნაბიჯების შესახებ შემდეგ იტყვიან“, – განაცხადა ქეთი ბეგიაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია კონსტრუქციულ ფორმატში დაბრუნება, რადგან აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დანერგვის პროცესი საკმაოდ რთულია.