აქციის ერთ-ერთი მონაწილე - „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ზონდერი, რომელიც მშვიდობიან აქციებს არბევდა, არ უნდა მოგვიწოდებდეს სიმართლისკენ

ყოფილი მთავრობის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ზონდერი, რომელიც აქ მშვიდობიან აქციებს არბევდა, არ უნდა გამოდიოდეს და არ უნდა მოგვიწოდებდეს სიმართლისკენ, – ამის შესახებ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა განაცხადა.

როგორც აქციაზე გამომსვლელმა აღნიშნა, ის მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის ზაზა სარალიძის მამას.

„სამწუხაროდ მე აქ მოვედი მარტო, ეს მოხდა, რადგან ყველა ჩემ მეგობარს, ვისაც შევთავაზე გამოსვლა, ყველამ მითხრა, რომ არ აპირებდნენ პოლიტიკურ აქციაზე სიარულს. მე აქ ვხედავ, რომ აბსოლუტრად აპოლიტიზირებულია სიტუაცია და ხალხი ითხოვს მხოლოდ სამართლიანობას, რომელსაც გვერდში უდგანან პოლიტიკოსებიც. ძალიან მიმძიმს აქედან საუბარი, რადგან აქ იდგნენ ძალიან ბევრი შვილმოკლული მშობლები, რომლებმაც მძიმე სიტყვები თქვეს და ეს სულისშემძვრელი იყო ყველა ჩვენგანისთვის. მინდა ისიც ვთქვა, რომ შეკრების დაწყებიდანვე ვიმყოფებოდი აქ და ვხედავდი, როგორ გამოდიოდა ყოფილი მთავრობის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ზონდერი, რომელიც აქ მშვიდობიან აქციებს არბევდა. ის არ უნდა გამოდიოდეს აქ და არ უნდა მოგვიწოდებდეს სიმართლისკენ, არ აქვს მას ამის უფლება. მშვიდობიან და სამართლიან საქართველოში იცხოვრეთ“, – განაცხადა გამომსვლელმა.