აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის ბოლო ვადა 11 მაისია
აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის ბოლო ვადა 11 მაისია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შეახსენებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, აპრილისა და მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება კომისიის ვებგვერდზე (www.gnerc.org/ge/covid-19) შეუძლიათ. აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 მაისი. მოქალაქეებს უარის დაფიქსირება აპრილისა და მაისის კომუნალურ შეღავათებზე შეუძლიათ, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორივე თვეზე ერთიანად. აღნიშნული არ ეხება იმ პირებს, რომლებმაც 11 აპრილამდე უარი უკვე დააფიქსირეს სამივე თვის (მარტი, აპრილი, მაისი) შეღავათებზე.

სემეკ-ის ცნობით, მარტის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 11 აპრილს ამოიწურა და არსებული მონაცემებით, მარტის შეღავათებით სარგებლობაზე უარი 3 534-მა პირმა განაცხადა.

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი,მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს. გარდა ამისა, კომუნალური შეღავათების ფარგლებში წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი დაეფარება ყველა იმ აბონენტს, რომლებიც თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) მოიხმარენ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას და სარგებლობენ კომუნალური შეღავათებით.

წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი არ დაიფარება იმ მოქალაქეების შემთხვევაში, რომელთაც შეეხოთ კომუნალური სუბსიდია, თუმცა სოლიდარობის ნიშნად უარს ამბობენ შეღავათებით სარგებლობაზე.