APM Terminals-ი - მასშტაბური ინვესტიციისა და გაფართოების პროექტის დასაწყებად მზად ვართ
APM Terminals-ი მასშტაბური ინვესტიციისა და გაფართოების პროექტის დასაწყებად მზად არის, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ფოთში ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გავლით, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკისა და შუა დერეფნის განვითარებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პორტის გაფართოების შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება, რომელთა სრული უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. ინვესტიციის ნაწილი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობას მოხმარდება.
„ეს ევროპული ინვესტიცია ახალ სიცოცხლეს შესძენს ფოთსა და საქართველოს. ფოთის საზღვაო ნავსადგური წარმოადგენს ევროპასთან დამაკავშირებელ ძირითად კარიბჭეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ამიტომაც სრულ ძალისხმევას ვდებთ, რათა გავაფართოოთ და განვავითაროთ ჩვენი ნავსადგური, მისი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნიკის გამოყენებით და ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნით“, – ამბობს APM Terminals-ის მმართველი დირექტორი ხულიან ფერნანდესი.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ გაფართოების პროექტი ამჟამინდელი პორტის ჩრდილოეთ ნაწილში ეტაპობრივად განხორციელდება 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით.
„ჩვენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით საქართველოს მთავრობასთან და დარწმუნებულები ვართ, რომ მთავრობის მხარდაჭერა უმოკლეს ვადაში უკვე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამოიხატება. ეს საშუალებას მოგვცემს, გადავიდეთ პროექტის განხორციელების ეტაპზე, რადგან APM Terminals-ი სრულ მზადყოფნაშია, დაიწყოს გაფართოების პროექტის აღსრულება“, – აცხადებს ხულიან ფერნანდესი.
კომპანიის ინფორმაციით, გაფართოების პროექტის პირველი ფაზა მოიცავს 6,8 ჰექტარი საკონტეინერო ტერიტორიის განვითარებას, ახალ 330-მეტრიან ნავმისადგომს, 1.5 კილომეტრის სიგრძის ტალღმჭრელი მოლის მშენებლობას, შესასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აუზის, ნავმისადგომის აკვატორიის მოწყობას და ორი Ship-to-Shore საკონტეინერო პროფილის ამწის დამონტაჟებას.
„პროექტის დასრულების შემდეგ გაფართოებული ნავსადგური შეძლებს, მიიღოს და დაამუშაოს 13.5 მეტრამდე წყალშიგის მქონე გემები – ყველაზე დიდი გემები, რომლებსაც შეუძლიათ შავ ზღვაში შესვლა. მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება დაგეგმილია დაახლოებით 36 თვეში, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ხელშეწყობაზე, რათა დროულად მივიღოთ ყველა აუცილებელი ნებართვა“, – აღნიშნულია APM Terminals-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
APM Terminals ფოთი არის საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის წილთა 100%-ის მესაკუთრეს წარმოადგენს APM Terminals B.V.
APM Terminals-ი არის Maersk ჯგუფის წევრი კომპანია, რომლის სათავო ოფისიც ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში მდებარეობს. კომპანია ახორციელებს 62 სანავსადგურე ინფრასტრუქტურის და ტერმინალის ოპერირებას მსოფლიოს 35 ქვეყანაში. APM Terminals-ი 2011 წლიდან უზრუნველყოფს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერირებას თავისი შვილობილი კომპანიის, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მეშვეობით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფოთის პორტის გაფართოების დაწყების თარიღმა 2023 წლის ბოლოს 2024 წლამდე გადაიწია. პროექტი ორ ფაზად იყოფა და პირველი ეტაპის მოსალოდნელი დასრულების თარიღი 2026 წლის პირველი კვარტალია, რომელიც მოიცავს საკონტეინერო ტერმინალის დასრულებას, რაც მოცულობას გააორმაგებს. პროექტის გრძელვადიანი მიზანია, ფოთის პორტი ღრმაწლოვანი გახდეს.