ანზორ ჩუბინიძე - პრეზიდენტს აქვს მხოლოდ ერთი რეზიდენცია, რომელიც მდებარეობს ათონელის ქუჩაზე და მისი შენახვის ხარჯი 600 000 ლარია
ანზორ ჩუბინიძე - პრეზიდენტს აქვს მხოლოდ ერთი რეზიდენცია, რომელიც მდებარეობს ათონელის ქუჩაზე და მისი შენახვის ხარჯი 600 000 ლარია

საქართველოს პრეზიდენტს აქვს მხოლოდ ერთი რეზიდენცია, რომელიც მდებარეობს ათონელის ქუჩაზე და მისი შენახვა წლიურად 600 000 ლარს არ აღემატება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული თანხა მოიცავს როგორც ათონელის რეზიდენციისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლას, ასევე კომუნალურ გადასახადებსა და დაცვით უზრუნველყოფის ხარჯებს.

კერძოდ, ანზორ ჩუბინიძის ინფორმაციით, ათონელის რეზიდენციისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლასა და კომუნალურ გადასახადებში წლიურად დაახლოებით 120 000 ლარი იხარჯება, ხოლო დაცვით უზრუნველყოფაზე – 480 000 ლარამდე.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის განცხადებით, რაც შეეხება ავლაბარში მდებარე შენობას, ის არა პრეზიდენტის რეზიდენცია, არამედ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეა, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა სახის ღონისძიების მასპინძლობისთვის.

„ავლაბარში მდებარე სახელმწიფო ცერემონიების სასახლის მოვლა-პატრონობის, დაცვით უზრუნველყოფისა და კომუნალური გადასახადების ჯამური მოცულობა წლიურად 1 200 000 ლარს შეადგენს. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი ორი რეზიდენციით სარგებლობს, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ეს გახლავთ სივრცე, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდგომ სარგებლობს მხოლოდ ერთი რეზიდენციით, რომელიც მდებარეობს ათონელის ქუჩაზე და რომლის მოვლა-პატრონობის წლიური ხარჯი 600 000 ლარამდეა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.