ანზორ ჩუბინიძე - ლონდონში ნამყოფი არ ვარ და თუ დამიბარებენ, სიამოვნებით წავალ
ლონდონში ნამყოფი არა ვარ და თუ დამიბარებენ, სიამოვნებით წავიდოდი, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს „იბერიასთან“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით კითხვაზე განუცხადა.
„რამე კომენტარის გაკეთება სამარცხვინოც კი არის. „იბერია“ ბავშვობაში, ახალგაზრდობაში მახსოვს და ახლა გავიგე, რომ ასეთი ტელეკომპანიაა. შეიძლება, ნაკლებად ვიცნობ. არანაირი კავშირი არ მქონდა, არ მაქვს და არ მექნება. იმის გამო, რომ საფინანსო ინსტიტუტში არასოდეს მიმუშავია, დიდი ალბათობით „დალაგების“ ასეთ მექანიზმში მონაწილეობა მიღებული ვერ მექნება“, – განაცხადა ჩუბინიძემ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩუბინიძე შესაძლოა, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარონ, სადაც „ომეგა ჯგუფმა“ საარბირტაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ამასთან, გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარია და ანზორ ჩუბინიძეც იყო ნახსენები, პირველ არხთან განმარტება სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 14 სექტემბერს გააკეთა. როგორც სამსახურში განაცხადეს, რამე ტიპის გარიგებაზე ან ზეწოლაზე საუბარი სრული აბსურდია.