ანზორ ბიწაძე - საერთაშორისო ორგანიზაციებს დარღვევებზე ინფორმაციას მივაწვდით, რის შემდეგაც გარკვეულწილად, მათი დასკვნებიც შეიცვლება
„ერთიანი საქართველოს“ წევრი, ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს საპარლამენტო არჩევნებისას დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, რის შემდეგაც, როგორც ბიწაძე ამბობს, გარკვეულწილად, მათი დასკვნები შეიცვლება.
„ძალიან სწრაფად მივაწოდებთ იმ მასობრივ დარღვევებს, რომლებიც იყო. ამის შემდეგ გარკვეულწილად, მათი დასკვნებიც შეიცვლება. ყოველთვის, არჩევნების მთავარი საზომი ერთეული არის ეუთო/ოდირის დასკვნა, რომლის მომზადებასაც ორი თვე სჭირდება. პროცესი გაართულა იმ ფაქტორმა, რომ საქართველოში უნდა ჩამოსულიყო ათასობით საერთაშორისო დამკვირვებელი, როგორც იყო დაგეგმილი.
მარტო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი აპირებდა ასზე მეტი დამკვირვებლის გამოგზავნას, თუმცა სამწუხაროდ, პანდემიასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, ჩვენ ამის საშუალება არ მოგვცა. დარღვევები არის ძალიან ბევრი, ოქმები არის ატვირთული, მოსყიდვის ფაქტებს ვუყურებდით პირდაპირ ეთერში. არ ვაპირებთ, შევეგუოთ ამ რეალობას და ვუყუროთ, როგორი იქნება საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი, რადგან მოგეხსენებათ, „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტო რჩება. დაველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას, ეს იქნება საზომი ყველასთვის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს საქართველოში არჩევნები“, – აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.