ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განცხადებაში მოსაზრებების ნაწილს არ ეთანხმებიან და სწორედ ამიტომ არ მოაწერეს ხელი
პარტია „ერთიანი საქართველოს“ წევრის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებების ნაწილს არ ეთანხმებიან. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არ მოაწერა პარტიამ ხელი აღნიშნულ განცხადებას.
როგორც ანზორ ბიწაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საკითხზე განცხადებას „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გააკეთებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება დღეს გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია:
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა.
პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობას და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით, იცავს მეგობრების სუვერენიტეტსა და თავისუფლებას.
პოლიტიკური გარღვევისთვის ახლა საჭიროა უსაფრთხოების სფეროში დინამიკის ჩვენება, რაც აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას გულისხმობს, როგორიცაა ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსება და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ეტაპზე გადასვლა.
პუტინის რუსეთი თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ამ ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის ეროზიის გზითაც ებრძვის, სწორედ ამიტომაა განსაკუთრებული შეშფოთების საგანი ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში. არჩევნების გაყალბება, სასამართლოს პოლიტიზაცია და პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დასავლური ინვესტიციებისთვის ხელის შეშლა და სტრატეგიული მნიშვნელობის საერთაშორისო პორტის ანაკლიის მშენებლობაზე უარის თქმა – ეს ის ნიშნებია, რაც სწორედ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე სახელმწიფო მდივანმა პომპეომ 2019 წლის ივნისში ისაუბრა. ივანიშვილის მხრიდან ეს იმ გზის განმეორებაა, რაც იანუკოვიჩმა უკრაინაში მოახდინა. თავისუფალმა სამყარომ ფხიზლად უნდა მიადევნოს თვალი დემოკრატიული უკუსვლის ამ ნიშნებს საქართველოში.
ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში, დემოკრატიასთან ერთად საკვანძო მნიშვნელობისაა ეკონომიკური თავისუფლების მოპოვება. ეს რეჟიმები აკრძალული მეთოდებით იბრძვიან თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ. საჭიროა დასავლეთის მოკავშირეებს ჰქონდეთ ლეგიტიმური უპირატესობა, რაც თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულებასა და მეტ ამერიკულ ინვესტიციას გულისხმობს, მათ შორის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.
საქართველომ უნდა მოახერხოს დემოკრატიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც საფრთხეს უქმნის ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების მიტაცება და დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუშალოთ ამ პროცესს, მივაღწიოთ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას თავისუფალ სამყაროსთან ერთად და მოვახერხოთ თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა“, – აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.
განცხადების ტექსტი და ხელმომწერთა სია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურმა გაავრცელა. განცხადების ხელმომწერთა შორის თავდაპირველად 23 პარტია იყო. მოგვიანებით, „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან განცხადება ხელმეორედ გამოიგზავნა, სადაც ხელმომწერთა შორის „ტრიბუნა“ იყო დამატებული.
არც თავდაპირველ და არც მოგვიანებით გამოგზავნილ ვერსიაში განცხადების ხელმომწერთა შორის ნინო ბურჯანაძის პარტია „ერთიანი საქართველო“ არ არის.