ანტონიუ გუტერეში - ღრმად ვარ შეშფოთებული უკრაინის ირგვლივ რუსეთის ჯარების მობილიზაციასთან დაკავშირებით და ევროპაში სამხედრო კონფლიქტის შესახებ სპეკულაციებით, ჯერ კიდევ მჯერა, რომ ეს არ მოხდება
ანტონიუ გუტერეში - ღრმად ვარ შეშფოთებული უკრაინის ირგვლივ რუსეთის ჯარების მობილიზაციასთან დაკავშირებით და ევროპაში სამხედრო კონფლიქტის შესახებ სპეკულაციებით, ჯერ კიდევ მჯერა, რომ ეს არ მოხდება

ხშირად მეკითხებიან, ვართ თუ არა ახალ „ცივ ომში“. ჩემი პასუხია, რომ გლობალური უსაფრთხოების საფრთხე უფრო კომპლექსური და შესაძლოა უფრო მაღალია, ვიდრე „ცივი ომის“ დროს იყო, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გეოპოლიტიკური განსხვავებები იზრდება და ღრმავდება.

„ეს განსხვავებები ხშირად ახდენს უსაფრთხოების საბჭოს პარალიზებას და ქმნის დაუსჯელობის გარემოს, რომელშიც სახელმწიფო და არასახელმწიფო მოთამაშეებს სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ. ხშირად მეკითხებიან, ვართ თუ არა ახალ „ცივ ომში“. ჩემი პასუხია, რომ გლობალური უსაფრთხოების საფრთხე უფრო კომპლექსური და შესაძლოა უფრო მაღალია, ვიდრე „ცივი ომის“ დროს იყო. „ცივი ომის“ უმეტეს დროს არსებობდა მექანიზმები, რომელიც მთავარ მოთამაშეებს საშუალებას აძლევდა, დაეთვალათ რისკები და გამოეყენებინათ არხები კრიზისების თავიდან ასარიდებლად. დღეს, ამ სისტემების უმრავლესობა აღარ არსებობს“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალური მდივანი უკრაინის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თუ სამხედრო კონფლიქტი მოხდება, ეს იქნება კატასტროფა.

„უკრაინის ირგვლივ რუსეთის ჯარების მობილიზაციასთან დაკავშირებით, ღრმად ვარ შეშფოთებული დაძაბულობის ზრდით და ევროპაში სამხედრო კონფლიქტის შესახებ სპეკულაციებით. მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ ეს არ მოხდება. მაგრამ თუ მოხდება, ეს იქნება კატასტროფა. არ არსებობს დიპლომატიის ალტერნატივა. ყველა საკითხი, მათ შორის ყველაზე რთული საკითხები დიპლომატიურ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. ახლა დეესკალაციის დროა. გაერო-ს ქარტია ამბობს, რომ ყველა წევრმა საერთაშორისო დავები უნდა გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით იმგვარად, რომ საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებას და სამართლიანობას საფრთხე არ დაემუქროს. ყველა წევრმა საერთაშორისო ურთიერთობებში თავი უნდა შეიკავოს მუქარისგან და ძალის გამოყენებისგან ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ქარტია ნათელია. ყველა მხარეს მოვუწოდებ, ძალიან ყურადღებით იყვნენ რიტორიკასთან. საჯარო განცხადებები მიზნად უნდა ისახავდეს დაძაბულობის შემცირებას და არა მის გამძაფრებას.

გაერო-ს ოპერაციული სისტემა სრულიად მოქმედია უკრაინაში, მათ შორის ჩვენი ჰუმანიტარული სამუშაო დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. მინდა, უკრაინის მთავრობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.