ანტონიუ გუტერეში - აუცილებელია უკრაინაში ომის ესკალაციის თავიდან აცილება
გაერო-ს გენერალური მდივანი პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.
„აბსოლუტურად აუცილებელია უკრაინაში ომის ესკალაციის თავიდან აცილება“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის პრესსპიკერმა.
პოლონურ მედიაში რუსეთიდან პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად არაოფიციალურად გავრცელდა. ამასთან, პოლონეთის პრემიერმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომის შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარი აფეთქებების გამო, პოლონეთის მთავრობა ქვეყანაში სამხედრო მზადყოფნის დონეს წევს და მთავრობამ შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის სამხედრო მზადყოფნის გადაწყვეტილება მიიღო.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ინციდენტის შემდეგ, პოლონეთი საჰაერო სივრცის კონტროლს გააძლიერებს.
მოგვიანებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ნასროლი რაკეტა. სამინისტროში ადასტურებენ, რომ რაკეტის ჩავარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით, უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ქვეყანას ჯერ არ აქვს კონკრეტული მტკიცებულება, ვინ ისროლა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდა.