ანტონიო გუტერეში - ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდება მნიშვნელოვანია, კედლებს მიღმა ჩვენ ორი მილიონი ადამიანი გვყავს, რომლებიც უზომოდ იტანჯებიან
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მანქანები, რომლებიც საზღვარზე ელოდებიან „არ არიან მხოლოდ სატვირთო მანქანები, ისინი მაშველი რგოლია“.
„ამ კედლების მიღმა ჩვენ ორი მილიონი ადამიანი გვყავს, რომლებიც უზომოდ იტანჯებიან“, – განაცხადა გუტერეშმა პრესკონფერენციაზე, რომელიც რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის ეგვიპტურ მხარეს გამართა.
გაერო-ს მონაცემებით, 219 სატვირთო მანქანა ელოდება რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გახსნას – 115 წითელ ჯვარს ეკუთვნის, ხოლო 104 შეიცავს სხვა ქვეყნებიდან მიღებულ დახმარებას.
გუტერეშის თქმით, სატვირთო მანქანებში არის წყალი, საკვები, მედიკამენტები და საწვავი.
მისივე განმარტებით, დარჩენილი საწვავის მარაგი, რომელიც ღაზაშია დარჩენილი, მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება საკმარისი საავადმყოფოებში გენერატორების მუშაობისთვის.
„სასაზღვრო პუნქტის გახსნისთვის მთავარი დაბრკოლება არის გადამოწმების მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდების გარანტიას. გადამოწმების მექანიზმის შექმნა ძალიან რთულია“, – განაცხადა გაერო-ს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.