ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ვერ პოულობენ ავტომობილს, რომელზეც ტექნიკა იყო განთავსებული
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ვერ პოულობენ პიკაპის ტიპის ავტომობილს, რომელზეც ხმის გამაძლიერებელი და სატელევიზიო ტექნიკა იყო განთავსებული.
ავტომობილი ტელეკომპანია „ტაბულას“ ეკუთვნის და მასზე როგორც აქციაზე გამოყენებული ხმის გამაძლიერებლები, ასევე სხვადასხვა ტელეკომპანიის სატელევიზიო ტექნიკა იყო განთავსებული, რომლითაც ვიდეოგადაღება და ტრანსლირება ხორციელდებოდა.
„ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ავტომობილი გაუჩინარებულია და მძღოლთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
„აქციაზე დაიკარგა „ტაბულას“ პიკაპი, რომელსაც მე ვიყენებ ჟურნალისტური საქმიანობისთვის. იყო პიკაპი, ვიქირავეთ აპარატურა და ამ აპარატურით ვატარებდით აქციას. როცა გაიხსნა გზა, მძღოლს არ გააჩერებინეს მანქანა და „რედისონთან“ წავიდა ბოლოს რომ ველაპარაკე. მერე მოველაპარაკეთ პოლიციას. გვითხრეს, რომ არ იქნებოდა პრობლემა, გაგვაჩერებინებდნენ. ამის შემდეგ გავიდა ერთი საათი, მძღოლი არის გამქრალი, პიკაპი არის გამქრალი, ხელი მეშლება ჟურნალისტურ საქმიანობაში. ეს ტექნიკა არის „ტაბულასი“. ჟურნალისტების შტატივები, ყველაფერი მანქანაშია, მძღოლი გამქრალია. სადღაც ჰყავთ წაყვანილი. ხელისუფლება გვიშლის ხელს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველებისგან ვითარებაში გარკვევას და პიკაპის მოძიებას ითხოვენ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ავტომობილი გაქრა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გააჩერა.
ამასთან, როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლექსო მაჭავარიანი აცხადებს, სამართალდამცველებს არ აქვთ პასუხი, მიეცემათ თუ არა პარლამენტის შენობის წინ ტექნიკის შემოტანის შესაძლებლობა. მისი თქმით, პოლიცია ეუბნება, რომ უნდა წავიდნენ და 19:00 საათზე მოვიდნენ. თუმცა, აქციის მონაწილეების თქმით, არსად წასვლას არ აპირებენ, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება.
„დღეს არის მე-20 დღეა და აქ ვიქნებით, ვიდრე გახარია არ გადადგება. პიკაპი, რომელზეც იდგა დინამიკები და ჩვენი ტექნიკა, უნდა დაბრუნდეს, თუმცა ამის საშუალებას სამართალდამცველები არ გვაძლეევენ. გვეუბნებიან, უნდა დავიცადოთ და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ვხედავთ, რომ ყველაფერი კარგად არ არის“, – განაცხადა ლექსო მაჭავარიანმა.