ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის № 289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, განცხადებები/თანდართული დოკუმენტები 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით მიიღება სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების, ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში, ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება, მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.
კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან – განაცხადებების გადარჩევა და გასაუბრება. დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატების შესაბამისობის შეფასების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისია შეარჩევს არანაკლებ ორ და არაუმეტეს ხუთ კანდიდატს, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ. მთავრობის მეთაური მისთვის წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთს დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე.
კონკურსში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია ასევე მითითებულია კომისიის დებულებაში.