ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი - ანტიკორუფციული ბიურო იქნება ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა უწყების მხარდაჭერა
შემდგომი მიმართულება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ესაა ანალიტიკური მიმართულება. ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება ერთ-ერთი ძლიერი ანალიტიკური მიმართულება. როცა ვსაუბრობთ პრევენციაზე, პრევენცია ემყარება ანალიტიკას, შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიურო ჩაატარებს ისეთ მნიშვნელოვან კვლევებს, რომლებიც სხვადასხვა უწყებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რათა ყოველთვის ჰქონდეთ ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბიუროს ასევე ექნება საერთაშორისო მიმართულება, ამასთან, შექმნილია ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ ბიუროს თანამშრომლების გადამზადებას მოემსახურება, არამედ ის სხვადასხვა უწყებაში საჯარო მოხელეებს გადაამზადებს მნიშვნელოვანი მიმართულებებით.
რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, აგრეთვე მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
„შემდგომი მიმართულება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება – საერთაშორისო მიმართულება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივი კოორდინაცია, ინფორმაციების მიმოცვლა, ამისთვის შევქმენით ცალკე დეპარტამენტი და მუდმივად გვექნება მათთან კომუნიკაცია, ინფორმაციების მიმოცვლა, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენი ბიუროს სამუშაოებს. ასევე შევქმენით ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ ბიუროს თანამშრომლების გადამზადებას მოემსახურება, ის სხვადასხვა უწყებაში საჯარო მოხელეებს გადაამზადებს მნიშვნელოვან მიმართულებებში და ამავდროულად იზრუნებს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საზოგადოებაში, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიებს განვახორციელებთ.
მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაც, აქ ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები, შევხვდებით, გავივლით სხვადასხვა საკითხს და ვიმედოვნებ, მათთან კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობის საშუალება მოგვეცემა. ასევე, აკადემიური წრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ სპეციალურად ვქმნით ანტიკორუფციულ ბიუროში საკონსულტაციო საბჭოს, სადაც როგორც აკადემიური წრის, ისე ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან კონკრეტული მიმართულებებით და მათ ეს პლატფორმა დაეხმარებათ, რომ ახლოს გავიცნოთ ის მიმართულებები და რეფორმები, რაც დადგენილი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ“, – აღნიშნა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა.
მისივე თქმით, ბიუროს კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება არის დეკლარაციების წარმოდგენა და მისი მონიტორინგი.
„ამ მიმართულებითაც, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოდელი ერთ-ერთ კარგ მოდელად არის შეფასებული ყველა კვლევაში. არ რჩება თანამდებობის პირის, ასე ვთქვათ, დეკლარაცია, რომ არ ხდებოდეს მისი მონიტორინგი და შემოწმება. ამ მიმართულებითაც ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება სიახლე. ჩვენ დაახლოებით ხუთი კადრი დავამატეთ მონიტორინგის მიმართულებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვსწავლობთ იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც გვაქვს დღეს და მივაქცევთ ყურადღებას მომავალში იმ განსაკუთრებული პერსონალური ინფორმაციების დაცვას, რაც არასრულწლოვნებთან არის დაკავშირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
მისივე თქმით, ბიურო ყველანაირად შეუწყობს ხელს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რათა აღსრულდეს კანონი და საჭიროების შემთხვევაში, ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრი მათთვის იქნება ხელმისაწვდომი.
„შემდგომი მიმართულება გახლავთ პოლიტიკური პატიების გამჭვირვალობა. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ინსტიტუციური მეხსიერება არ გვაქვს, მაგრამ აუდიტის სამსახურთან უკვე ვმუშაობთ, გავიარეთ ის ანგარიშები, ის განვლილი გზა, რაც ამ დეპარტამენტს გააჩნდა თავის საქმიანობაში. ჩვენი მთავარი მესიჯი იქნება შემდეგი, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რათა აღსრულდეს კანონი, საჭიროების შემთხვევაში, ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრი მათთვის იქნება ხელმისაწვდომი, რათა გადამზადდეს ის კადრები, ვინც უნდა მოამზადოს ეს ანგარიშგების დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშის ამსახველი დოკუმენტები და კვალიფიციურად იქნას წარმოდგენილი, რათა აღსრულდეს კანონი. ამ მიმართულებით ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო სიღრმისეულად წავიდეთ და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდეს აღნიშნული ინფორმაციების დამუშავება. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები ერთ-ერთ გერმანულ კომპანიასთან, რომელიც დაგვეხმარება მოვახდინოთ დიგიტალიზაცია ამ მიმართულების, რაც იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო ხარისხიანს გახდის და უფრო დააჩქარებს ანტიკორუფციული ბიუროს სამუშაოს“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.