ანტარქტიკის მყინვარული საფარის ცვლილებათა დეტალური ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ დედამიწის ყველაზე მკაცრმა კონტინენტმა გასული 25 წლის განმავლობაში 3 ტრილიონი ტონა ყინულის საფარი დაკარგა.
1992-2017 წლებს შორის ყინულის საფარის მასის ბალანსის შეფასებისთვის, ოთხმოცმა მეცნიერმა მთელი მსოფლიოდან, თანამგზავრული მონაცემები გამოიყენა. ირკვევა, რომ ამ პერიოდში, გლობალური ზღვის დონე 7,6 მილიმეტრით არის მომატებული.
შესაძლოა, ეს ციფრი არც ისე დიდი ჩანდეს, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ წარმოუდგენლად დაჩქარებულია ყინულის დნობის ტემპი.
2012 წლამდე, ყინულის დნობის მაჩვენებელი წელიწადში დაახლოებით 76 მილიარდ ტონას არ აღემატებოდა, რაც იწვევდა ზღვის დონის მატებას წელიწადში 0,2 მილიმეტრით.
მაგრამ ამის შემდეგ, მაჩვენებელმა საოცრად მოიმატა და 2012-2017 წლებში თითქმის სამჯერ გაიზარდა. ამ პერიოდში, კონტინენტი წელიწადში 219 მილიარდ ტონა ყინულს კარგავდა, ზღვის დონის წლიური მატება კი 0,6 მილიმეტრს აღწევდა.
ყინულის დანაკარგების უდიდესი ნაწილი დასავლეთ ანტარქტიდაზე მოდის, სადაც დნობის ტემპი განსაკუთრებით ჩქარია. გარდა ამისა, მყინვარული საფარი იშლება ანტარქტიდის ნახევარკუნძულზეც.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყინულის ეს დანაკარგიც კი არაფერია ანტარქტიდის სრულ პოტენციალთან ზღვის დონის მატებასთან მიმართებაში. თუკი იქ არსებული ყინული მთლიანად გადნება, გლობალური ზღვის დონე 58 მეტრით აიწევს. მიუხედავად ამისა, მეცნიერებს მაინც აქვთ შეშფოთების მიზეზი.
„როგორც თანამგზავრული მონაცემები გვიჩვენებს, პრობლემა არა მხოლოდ არსებობს, არამედ ის ყოველწლიურად უფრო სასტიკი ხდება“, — ამბობს NASA-ს მკვლევარი ისაბელა ვილიკონა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალ Nature-ში ხუთი სხვადასხვა კვლევა გამოქვეყნდა.
ერთ-ერთ კვლევაში ერთ ვარიანტად ასახულია, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ანტარქტიდა 2070 წელს, თუ უცვლელი დარჩება სათბური გაზების გამოყოფის დღევანდელი მაჩვენებელი. მეორე ვარიანტად კი განხილულია მდგომარეობა, როცა კაცობრიობა ახერხებს ნახშირბადის გამოყოფის შემცირებას.
ჯგუფის გათვლებით, ნახშირბადის გამოყოფის მაღალი მაჩვენებლების პირობებში, 2070 წლისთვის ჰაერის გლობალური ტემპერატურა 3.5°C-ით მოიმატებს 1870 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ზღვის დონის აწევის მაჩვენებელი კი წელიწადში 10-15 მილიმეტრს მიაღწევს.
რაც ყველაზე უარესია, სიტუაციის ასე გაგრძელების შემთხვევაში, გლობალური ზღვის დონე მომდევნო ათასწლეულში 10 მეტრით მოიმატებს. ამ პროცესში ანტარქტიდის ყინულის წვლილი 80 პროცენტი იქნება.
მკვლევართა თქმით, გადამწყვეტი იქნება მომდევნო ათი წლის მსოფლიო ძალისხმევა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. თუკი ეს მოხერხდა და შემცირდა ნახშირბადის გამოყოფის მაჩვენებელი, 2070 წლისთვის ზღვის დონემ შესაძლოა, მხოლოდ ნახევარი მეტრით აიწიოს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.