ანსამბლ „გორდას“ ქორეოგრაფი - ისრაელში ჩასვლისას ყველაფერი წესრიგში გვქონდა, გვითხრეს, რომ არასასურველი სტუმრები ვიყავით
ქართული ცეკვის ანსამბლ „გორდას“ ნაწილი ისრაელიდან საქართველოში დაბრუნდა.
როგორც ანსამბლ „გორდას“ ქორეოგრაფი დავით კაჭარავა ყვება, ისრაელში ჩასულებს უთხრეს, რომ ისინი ქვეყანაში არასასურველი სტუმრები იყვნენ.
„მივდიოდით დაგეგმილი გასტროლით. საბუთებიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგში გვქონდა. როგორც კი ჩავედით თვითმფრინავიდან, მაშინვე გამოგვყვა აეროპორტის თანამშრომელი, მიგვიყვანეს ოთახთან, პასპორტები ჩამოგვართვეს. გვითხრა, დაგველოდეთ აქ. ექვსი საათის მერე მოვიდნენ ჩვენთან და გვითხრეს, რომ ვიყავით არასასურველი სტუმრები. სხვა განმარტება არ ყოფილა“, – აღნიშნა დავით კაჭარავა.
ანსამბლის ხელმძღვანელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი დეპორტაციის მიზეზი გახდა ის, რომ 17 ადამიანიდან ხუთი იყო არასრულწლოვანი.
„ჩვენ ვიყავით 17 ადამიანი ბავშვიან-მშობლიან-ქორეოგრაფიანად. აქედან არასრულწლოვანი რვა ბავშვი იყო. მე იქვე მოვითხოვე წარმომადგენელი, ვინც გამოგვყვებოდა და დააკვირდებოდა ჩვენს კონცერტებს, მაგრამ არც ეს გააკეთეს“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.
ანსამბლის წევრები საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისრაელის აეროპორტის ტერიტორიაზე საემიგრაციო სამსახურის დროებითი განთავსების დაწესებულებაში მყოფთა ნაწილი, ცხრა ადამიანი, საქართველოში 17 აპრილს გამოემგზავრება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულოში შევიდა ინფორმაცია საზღვარზე შემოწმების მიზნით ანსამბლ „გორდას“ 17-კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ.
უწყების ცნობით, მესაზღვრეებისთვის საეჭვო გახდა, რომ ანსამბლ „გორდას“ ისრაელში საბავშვო ფესტივალზე ხუთი ბავშვი მიჰყავდა, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ ასაკის პირები იყვნენ.