საგარეო უწყების ინფორმაციით, ანსამბლ „გორდას“ წევრთა ნაწილი ისრაელიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება
საგარეო უწყების ინფორმაციით, ანსამბლ „გორდას“ წევრთა ნაწილი ისრაელიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანსამბლ „გორდას“ წევრი ხუთი ბავშვი და ორი მშობელი ისრაელიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებაში განუცხადეს, ისინი საქართველოში „აირზენას“ რეისით 21:30 საათზე გამოფრინდებიან.

ამასთან, მათივე ცნობით, ისრაელის აეროპორტის ტერიტორიაზე საემიგრაციო სამსახურის დროებითი განთავსების დაწესებულებაში მყოფთა ნაწილი, ცხრა ადამიანი, საქართველოში 17 აპრილს გამოემგზავრება.

„ისრაელში საქართველოს კონსულს ჰქონდა შეხვედრა მოქალაქეებთან, ბავშვებთან, ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებთან. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხუთი ბავშვი და ორი მშობელი დღეს საქართველოში დაბრუნდებიან. ბილეთები ისრაელის მხარემ შეიძინა. ჩვენი თხოვნით ჩართული იყო საქართველოს ავიახაზები. დღეს „აირზენას“ რეისით 21:30 საათზე გამოფრინდებიან საქართველოში. აღნიშნულთან დაკავშირებით ბავშვების ოჯახის წევრები ინფორმირებული არიან.

ისრაელში ცხრა ადამიანი რჩება და ისინი 17 აპრილს გამოემგზავრებიან. ამჟამად აეროპორტის ტერიტორიაზე საემიგრაციო სამსახურის დროებითი განთავსების დაწესებულებაში იმყოფებიან. საქართველოს მოქალაქეებს წყალი და საკვები მიეწოდებათ“,- აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულოში შევიდა ინფორმაცია საზღვარზე შემოწმების მიზნით ანსამბლ „გორდას“ 17-კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ.

უწყების ცნობით, მესაზღვრეებისთვის საეჭვო გახდა, რომ ანსამბლ „გორდას“ ისრაელში საბავშვო ფესტივალზე ხუთი ბავშვი მიჰყავდა, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ ასაკის პირები იყვნენ.