ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაუგზავნოს
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაუგზავნოს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაუგზავნოს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუ ოპოზიცია ამ შეთავაზებას დათანხმდება, კანონპროექტის მეორე მოსმენა მხოლოდ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ გაიმართება.

„ვინაიდან, მთავარი ამოცანაა, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს და ყველა დაინტერესებულ პირს ამ პროცესში მონაწილეობის საშუალება მიეცეს, მზაობა გამოვთქვით, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავგზავნოთ და მეორე მოსმენა შემდეგ გავაგრძელოთ. ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას არ ადგენს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკეთებს რეკომენდაციებს. ვთვლით, რომ ეს არის კონსტიტუციასთან შესაბამისი და სამართლიანი პროექტი, საბიუჯეტო სუბსიდირების მიზნობრიობაზე გათვლილი. თუ რაღაც რესურსია იმის, რომ კონსესუსის საფუძველზე შევთანხმდეთ, ეს პროექტი გავგზავნოთ და ამის სურვილი არის? – ვკითხოთ ოპონენტებს, დაინტერესებულ პირებს. თუ ამის რესურსი იქნება, ამის მზაობას გამოვთქვამთ. ეს არის ტაქტიკური წინსვლა, ვინაიდან ოპონენტები ახლა აღმოჩნდებიან უხერხულ მდგომარეობაში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის კონსტიტუციასთან შესაბამისი პროექტი და მათ მოუწევთ ვენეციის კომისიის დალოდება. ვნახოთ, რა შეფასებებს გააკეთებენ.

შეიძლება ეს იდეა არ მოეწონოთ, რადგან რეკომენდაცია ხაზს გაუსვამს მათ გადაფარვის მცდელობას, რომ თითქოს ისინი პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში არიან. საერთაშორისო პარტნიორების წინაშე კიდევ ერთხელ ავხდით ფარდას ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების ვითომდა პროდასავლურობას. საზოგადოებას მათ რეალურ სახეს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ისინი დემოკრატიულ პროცესში არ მონაწილეობენ. ხომ დაობდნენ იმაზე, რომ როგორ შეიძლება, დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი კანონის მიღებაო და ვნახოთ, რამდენად დაეთანხმებიან იმას, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავგზავნოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.