პარლამენტმა პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და უფასო საეთერო დროის შეწყვეტასთან, ასევე დეპუტატის ხელფასის დაკავებასთან დაკავშირებული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და უფასო საეთერო დროის შეწყვეტასთან, ასევე დეპუტატის ხელფასის დაკავებასთან დაკავშირებული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო

პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

აღსანიშნავია, რომ ინიცირების შემდეგ, აღნიშნულ კანონპროექტში გარკვეული ცვლილება განხორციელდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით რედაქტირებულ ვერსიას დაუჭირა მხარი.

უფრო კონკრეტულად, თუკი კანონის პროექტის თავდაპირველი ვარიანტი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებდა ერთი წლის ვადით, ახლა ეს დრო ექვს თვემდე შემცირდა.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. პარტია შესაბამისი მომდევნო ექვსი თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც საქართველოს პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

„უფრო სამართლიანი, დაბალანსებული მექანიზმი შემოვიღეთ, რომ იქნებ, მათ სურთ, რომ საბოტაჟის რეჟიმში იყვნენ ერთი სესიის განმავლობაში. თუკი აქამდე შემოთავაზებული რედაქციით იყო ერთი წლით დაფინანსების შეჩერება, ახლა ვთავაზობთ სესიის განმავლობაში, როდესაც საპარლამენტო ცხოვრება წარიმართება, სესიის განმავლობაში, თუ გადაიფიქრებენ და რომელიმე პარტია შეწყვეტს საბოტაჟს, მას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს დაფინანსება“, – განმარტა კანონპროექტის ინიციატორმა, ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით ასევე მხარი დაუჭირა რეგლამენტში შესატან ცვლილებების პროექტს, რომელიც დეპუტატის ხელფასს შეეხება. კერძოდ, დეპუტატს, რომელიც მორიგი სესიის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს ყველა პლენარულ სხდომას, ხელფასი სრულად დაუკავდება. ამასთან, პარლამენტის წევრი ვერ მიიღებს ხელფასს საპარლამენტო არდადეგების პერიოდში, თუ მას არდადეგებამდე ბოლო თვეში ზემოაღნიშნული წესით სრულად დაუკავდა ხელფასი, გარდა იმ შემთხვევისა თუ იგი დაესწრება შესაბამისი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომას.

დეპუტატებმა პირველი მოსმენით, 82 ხმით დაამტკიცეს „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებიც, რომლის თანახმად, უფასო საეთერო დრო არ ეძლევა პარტიას, რომელმაც დაკარგა საბიუჯეტო დაფინანსება.