ანრი ოხანაშვილი - უნდა წარიმართოს დროული, გამჭვირვალე გამოძიება და რაც შეიძლება მალე გაეცეს პასუხები კითხვებს
ანრი ოხანაშვილი - უნდა წარიმართოს დროული, გამჭვირვალე გამოძიება და რაც შეიძლება მალე გაეცეს პასუხები კითხვებს

მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ აუცილებლად მივიჩნიეთ, მოვახდინოთ პოლიტიკური შეფასება 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ  შემუშავებულ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უმრავლესობას მიაჩნია, რომ აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება იყო უზრუნველყოფილი, ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან მოხდა მშვიდობიანი პროტესტის საბაბად გამოყენება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ქმედების განსახორციელებლად, რაც როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკის მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყო პროპორციული ძალა. პარლამენტში შეჭრის მცდელობა სათანადო რეაგირებას საჭიროებს და ეს რეაგირება ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა. რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენ პარლამენტის დადგენილების პროექტით, მივიჩნევთ რომ უნდა წარიმართოს დროული, გამჭვირვალე გამოძიება და რაც შეიძლება მალე პასუხი გაეცეს, როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობის საკითხს და გამოვლენილი იყვნენ მონაწილეები და ორგანიზატორები, ასევე უნდა იყოს გამოძიებული სრულად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შემთხვევები“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ამასთან, როგორც დეპუტატმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა მიესალმება სახალხო დამცველის ჩართულობას ამ პროცესში, ვინაიდან მიაჩნია, რომ ეს პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობას შეუწყობს ხელს.

საპარლამენტო უმრავლესობამ 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ დადგენილების პროექტი შეიმუშავა და დაარეგისტრირა. დადგენილების პროექტი 10 პუნქტიანია.