ანრი ოხანაშვილი - საპატრიარქოს პოზიცია ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ყველასთვის საინტერესოა
ანრი ოხანაშვილი - საპატრიარქოს პოზიცია ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ყველასთვის საინტერესოა

საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ყველასთვის საინტერესოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, მოახდენს თუ არა გავლენას საპატრიარქოს პოზიცია პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხები უნდა გაიმიჯნოს.

„საპატრიარქოს პოზიცია საზოგადოების ყველა წევრისთვის საინტერესოა. ჩვენ გვექნება კონსულტაციებიც და მსჯელობაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განხილვის პროცესში საზოგადოების დიდი ნაწილი იყოს ჩართული და მოვისმინოთ ყველა შესაძლო არგუმენტი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, განცხადებაში მოცემულ ბევრ საკითხზე საუბარი უკვე იყო და განცხადებაში რაიმე რადიკალური არ ყოფილა.

„პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, არის სამართლებრივი. ამასთან დაკავშირებით რაიმე პოლიტიკური განცხადების გაკეთება სწორი არ იქნება. რაც შეეხება განცხადებას, საპატრიარქოს განცხადებაში მე ვკითხულობ ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენც გვქონდა მსჯელობა. საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია სარეაბილიტაციო დაწესებულებების შექმნა, მკურნალობა მომხმარებლებისთვის და აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსების შექმნა. ეს არის მომხმარებლების მკურნალობასა და მათ შემცირებაზე ორიენტირებული. რაც შეეხება გასაღებას, ნარკოტიკებით ვაჭრობა სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრეს კონტროლზე იქნება აყვანილი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს საპატრიარქომ გუშინ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გაავრცელა. წმინდა სინოდის წევრები მიიჩნევენ, „კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს“.