წმინდა სინოდი მიიჩნევს, რომ კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს
წმინდა სინოდი მიიჩნევს, რომ კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს

ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით  უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას, – ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის ოქმშია აღნიშული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

წმინდა სინოდის წევრები მიიჩნევენ, რომ „კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად ნარკო-ვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს“.

„როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის ლეგალიზაციას ნიშნავს. ეს ლოგიკურად აყენებს ამ ნარკოტიკის მოპოვების ლეგალური გზების მოძებნის საკითხს და ეს ყველაფერი საბოლოოდ საქართველოში მარიხუანას (კანაფის) ლეგალური ნებადართული კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც ყოვლად მიუღებელია.

ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით  უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.

კანაფის დამზადების ნებართვა კი, ფაქტიურად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი განუხრელად უნდა იყოს დაკავშირებული ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და გამავრცელებელთა მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარებასთან და სახელმწიფოს მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმასთან (რაც ადრე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშიც დაფიქსირდა):

ა) ქვეყანაში დროულად უნდა შეიქმნას სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ.

ბ) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;

გ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ, ახალგაზრდებმა გააცნობიერონ რას უქადის მათ ჯანმრთელობას ნარკოდამოკიდებულება და  შეექმნათ უარყოფითი განწყობა;

დ) გამკაცრდეს ზომები ნარკოტიკების უკანონო შემოტანასა და გავრცელებასთან მიმართებაში; ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით;

ე) ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით უნდა  განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი“,- აღნიშნულია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.

სინოდის სხდომის ოქმში ნათქვამია, რომ სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ.

„კრებამ იმსჯელა და დაადგინა:

შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად“,- ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.