ანრი ოხანაშვილი - სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს ცესკო-ს დისკრედიტაციის ერთობლივი კამპანია აქვთ დაგეგმილი
სალომე ზურაბიშვილი ხმაშეწყობილად მოქმედებს სააკაშვილთან. მათ აქვთ დაგეგმილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციის ერთობლივი კამპანია, რათა ეს დაუდონ საბაბად შემდგომ არჩევნების დელეგიტიმაციას, ამიტომ ეს არის შეთანხმებული, ერთად მართული, ორკესტრირებული პროცესი ზურაბიშვილისა და სააკაშვილის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების ჩატარებისთვის არსებობს შესაბამისი წესები, რომელთაც უნდა დაემორჩილონ სალომე ზურაბიშვილიც და სხვებიც.
„ასევე, უნდა ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. მან დაარღვია ქვეყნის ძირითადი კანონი და აგრძელებს კანონის დარღვევას, როდესაც წარმოუდგენია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მას ექვემდებარება. ვფიქრობ, ეს მან იცის, თუმცა მიზანმიმართულად ახორციელებს ამას იმ კამპანიის ფარგლებში, რაც დაგეგმა სააკაშვილთან ერთად, ყოველ შემთხვევაში, დააგეგმვინეს ეს პროცესი. არჩევნების ჩატარებისთვის არსებობს შესაბამისი წესები და სალომე ზურაბიშვილიც და ყველა სხვაც უნდა დაემორჩილონ ამ წესებს. ეს არის გაუმჯობესებული წესები, რომლითაც კიდევ უფრო გამჭვირვალეა პროცესები, მეტად უზრუნველყოფილია დამკვირვებლების მეტი რაოდენობა და არავითარი სივრცე არ დარჩება არჩევნების მიმართ კრიტიკისთვის. ეს პროცესი აწყობთ რადიკალურ ჯგუფებს, რომელთაც ხელმძღვანელობს და სათავეში ჩაუყენეს ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილის კომპეტენცია არ არის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კამპანიების წარმოება. სალომე ზურაბიშვილი ცდება თავის მანდატს და მიზანმიმართულად კიდევ არღვევს კონსტიტუციას. მას ეს დავალებული აქვს, მიზანმიმართულად აკეთებს, რათა შემდგომ თქვან, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და ამის საბაბად დაასახელონ, ვითომ წინასაარჩევნო კამპანიები არ იყო სათანადოდ წარმართული, თითქოს საინფორმაციო კამპანია არ აწარმოვა ცესკო-მ, თითქოს საზღვარგარეთ არასაკმარისი საარჩევნო უბნები იყო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე საუბრისას მოიყვანა მაგალითები, სად შეიძლება გაიხსნას საარჩევნო უბნები, მათ შორის, ისაუბრა საკვირაო სკოლებისა და სხვადასხვა ფართის გამოყენების შესაძლებლობაზე.
„სხვადასხვა ქალაქში, სადაც ვიცით, რომ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, არის სივრცეები – ეკლესია, საკვირაო სკოლები და სხვადასხვა ფართი, რასაც იყენებენ დიასპორული ორგანიზაციები და აცხადებენ, მზად ვართ, ეს ფართი დავუთმოთ საარჩევნოდ ან ვიმუშაოთ, რომ ქალაქში, სადაც ვცხოვრობთ, ასეთი სივრცე მოვიპოვოთო. არსებობს პრაქტიკაც მოლდოვის მაგალითზე, როცა პარტნიორი ქვეყნები ჩვენ სასარგებლოდ გვთავაზობენ სივრცეებს, ფართებს საარჩევნო პერიოდისთვის. ასე რომ, ძალიან ბევრი გამოსავალია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.