ანრი ოხანაშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ იქნება
ანრი ოხანაშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ იქნება

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ ხელისუფლებამ პოზიცია შეცვალა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„ორი-სამი დღის განმავლობაში მოვისმინეთ პოზიცია, თითქოს საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით ცვლილებებზე ხელისუფლებამ თურმე, პოზიცია შეცვალა და არ ველოდებით ვენეციის კომისიას. არ არის ეს სწორი შეფასება. ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება ხვალ, ვისაც აქვს ინტერესი, მინდა, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა. შესაბამისად, პლენარულ სხდომამდე ვენეციის კომისიის შემოთავაზებები იქნება გათვალისწინებული, განხილული და ასახული პლენარულ სხდომაზე. აქედან გამომდინარე,  საუბარი და ინსინუაციები იმაზე, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიას არ ელოდება, არ არის სწორი განმარტება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით მიმართა ვენეციის კომისიას.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პირობას ვითვალისწინებთ. როცა გვექნება ხვალ დასკვნა, განვიხილავთ დეტალურად და პლენარულ სხდომაზე იქნება ასახული აღნიშნული რეკომენდაციები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო  ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და არჩევის წესს განსაზღვრავს. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხუთ ეტაპად წარიმართება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს, ვაკანსიაზე განცხადებების მიღება კი, შერჩევის პროცედურის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში მოხდება. ცვლილებების თანახმად, კონკურსში მონაწილება შეუძლიათ მოქმედ მოსამართლეს ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეს პროფესიული მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით, მაგრამ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ უნდა იყოს გასული. ასევე, კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად და იუსტიციის საბჭოს წევრებს უფლება ექნებათ, თითოეულ კანდიდატს კითხვით მიმართონ. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის არც ერთ ეტაპზე ხმის მიცემის უფლებით არ სარგებლობს.

ინიციატივის მიხედვით, კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაადგენს, რომელიც ამ მიზნით სამუშაო ჯგუფს შექმნის. კომიტეტი საჯარო სხდომაზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენს, კანდიდატები კი, დეპუტატთა კითხვებს უპასუხებენ. ამასთან, ცვლილებებით ზუსტდება, რომ პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე უყრის კენჭს.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით 20 მარტს დაუჭირა მხარი.