ანრი ოხანაშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორთა პოზიციები დაცლილი იყო სამართლებრივი არგუმენტებისა და მსჯელობისგან
ანრი ოხანაშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორთა პოზიციები დაცლილი იყო სამართლებრივი არგუმენტებისა და მსჯელობისგან

საზოგადოება დააკვირდება და ნახავს, ვის რა ინტერესი ამოძრავებდა რეალურად​, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„პირველი და მთავარი საკითხი, რომელიც მე და ჩემმა კოლეგებმა გავაჟღერეთ, შეესაბამებოდა თუ არა აღნიშნული ინიციატივა სამართლიანობის პრინციპს. ადამიანს და ჩვენს საზოგადოებას სურს, რომ საქმე განიხილონ უფრო კვალიფიციურმა მოსამართლეებმა. განხორციელდეს უფრო სწრაფი მართლმსაჯულება. შესაბამისად, დავსვი შეკითხვა, აღნიშნული კანონპროექტი უზრუნველყოფდა თუ არა, რომ კიდევ უფრო კვალიფიციური მოსამართლეები შესულიყვნენ სისტემაში და კიდევ უფრო სწრაფად მომხდარიყო მართლმსაჯულების წარმართვა სასამართლოში“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, მარტივ შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.

„თქვენ დიდხანს ადევნებდით თვალყურს, თუ რა პოზიციები ჟღერდებოდა. ეს იყო დაცლილი ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტებისა და მსჯელობისგან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის ადგილი, სადაც, პირველ რიგში, უნდა გაჟღერდეს იურიდიული ლოგიკა კონსტიტუციის შესაბამისობასთან დაკავშირებით. ასევე, საჯარო მოსამსახურის დანიშვნის პრინციპს შეესაბამებოდა თუ არა აღნიშნული ინიციატივა, ეს შეკითხვაც გავაჟღერე. ვერც ამ შეკითხვაზე მივიღე პასუხი. შესაბამისად, საზოგადოებამ იხილა, თუ როგორი პასუხები გაეცა ჩემს ან სხვა კოლეგების მიერ დასმულ შეკითხვებს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი კანონპროექტის ინიციატორებიდან ორი დეპუტატი ერთი წლის წინ იყო უშუალო ხელმომწერი, რომ ორგანულ კანონში შესულიყო ცვლილება და იუსტიციის საბჭოს კონსტიტუციის შესაბამისად მისცემოდა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის უფლება.

„მე არ მახსოვს ასეთი საჯარო დისკუსია მათი მხრიდან და ღრმა განხილვა, ამ საკითხს შეეძლო თუ არა შედგომში შეექმნა რაიმე სახის პრობლემა. ეს არის შეკითხვები, რომლებზეც პასუხები ვერ მივიღეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კითხვაზე, რა ინტერესი ამოქმედებს ეკა ბესელიას, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოება თავად ნახავს, ვის რა ინტერესი გააჩნია.

„მე მგონია, რომ პროცესები ისე განვითარდება, რომ საზოგადოებაც და თქვენც დააკვირდებით ყურადღებით პროცესს და ნახავთ, ვის რა ინტერესი ამოძრავებდა რეალურად. არის ეს მართლაც მართლმსაჯულების ინტერესი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სწრაფი მართლმსაჯულება მიიღოს უფრო კვალიფიციური მოსამართლეებისგან თუ ეს არის სხვა რაიმე ინტერესი. მე ვერ გეტყვით. ეს შეკითხვა უნდა დაუსვათ კონკრეტულ პირებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.