ანრი ოხანაშვილი - რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა უნდა აუხსნან საზოგადოებას და პარტნიორებს, რატომ გამოუცხადეს საბოტაჟი 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობას
რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა უნდა აუხსნან ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს, რატომ გამოუცხადეს საბოტაჟი 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.
კერძოდ, საუბარია განცხადებაზე, სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ამბობს: „ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება გრძელდება. „ქართული ოცნება“ 12 პუნქტის შესასრულებლად არაფერს აკეთებს, აგროვებს არგუმენტებს, რათა უარი მივიღოთ ევროკავშირიდან“.
ანრი ოხანაშვილის თქმით, მმართველ გუნდს ოპოზიციის მიმართ საკითხზე საპასუხო არაფერი აქვთ.
„ჩვენ არ ვართ იმ რეჟიმში, რომ გვჭირდებოდეს ვინმეს მხრიდან ბრალდების წამოყენება ან ამ ე.წ. ვითომ ბრალდებაზე პასუხის გაცემის მოცემულობის წინაშე ვიდგეთ. თავის მართლების რეჟიმში ეს ადამიანები უნდა იყვნენ. რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რომლებმაც, სამწუხაროდ, დესტრუქციის გზა აირჩიეს, უნდა აუხსნან ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს, რატომ გამოუცხადეს საბოტაჟი 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობას. ჩვენ მათდამი საპასუხო არაფერი გვაქვს. მათ უნდა ახსნან, რატომ არ ერთვებოდნენ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რატომ დააიგნორეს და უგულებელყვეს მოწოდებები უმაღლესი ტრიბუნიდან, რომ ჩართულიყვნენ სამუშაო ჯგუფებში. კეთილი ინებონ, ეს აუხსნან ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.