გიორგი ვაშაძე - ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება გრძელდება, „ქართული ოცნება“ 12 პუნქტის შესასრულებლად არაფერს აკეთებს, აგროვებს არგუმენტებს, რათა უარი მივიღოთ ევროკავშირიდან
გიორგი ვაშაძე - ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება გრძელდება, „ქართული ოცნება“ 12 პუნქტის შესასრულებლად არაფერს აკეთებს, აგროვებს არგუმენტებს, რათა უარი მივიღოთ ევროკავშირიდან

საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება კვლავ გრძელდება. 12 პუნქტის შესასრულებლად, რომელიც განგვისაზღვრეს ევროპელმა პარტნიორებმა, არათუ არაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“, არამედ გეგმაზომიერად აგროვებს არგუმენტებს, რათა საბოლოო უარი მივიღოთ ევროკავშირის მხრიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ძირითად საკითხებს შორის არის მართლმსაჯულების რეფორმა, თუმცა მისი განცხადებით, კანონი, რომელიც რეგისტრირებულია პარლამენტში, წინააღმდეგობაშია ყველა იმ რეკომენდაციასთან, რომელიც ქვეყანას განუსაზღვრეს. ამასთან, როგორც ვაშაძემ განაცხადა, იგივე ხდება საარჩევნო რეფორმაზეც.

„რეგისტრირებული კანონი არ ითვალისწინებს და წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც გვითხრეს ევროპელმა პარტნიორებმა. დეოლიგარქიზაციის კანონი პირდაპირ წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც გვეუბნებოდნენ პარტნიორები და არ ითვალისწინებს არანაირი რეკომენდაციის შესრულებას.

მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს რაც შეეხება, გუშინ იყო კიდევ ერთი პროცესი და როგორც ვხედავ, პრორუსული „ქართული ოცნება“ არ აპირებს მის გათავისუფლებას, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაშია სტატუსის მიღებასთან. შეგახსენებთ, რეზოლუცია მედიასთან დაკავშირებით, მყისიერად იქნა მიღებული ევროპარლამენტში გვარამიას დაკავების შემდეგ. ეს ყველაფერი არის იმის მტკიცებულება, რომ ხელისუფლებაში მყოფი პრორუსული „ქართული ოცნება“ ასრულებს „ეფ ეს ბესგან“ მიღებულ დავალებებს, შეთქმულებას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს ადასტურებს ოპოზიციის სიმართლეს, რომ სამუშაო ჯგუფები, სადაც მონაწილეობა არ მივიღეთ, იყო მხოლოდ ფარსი.

შევეშვათ ილუზიებს და ცრუ პროცესებში მონაწილეობას, ბოლომდე უნდა გავაშიშვლოთ „ქართული ოცნება“, რომელიც ასრულებს ოკუპანტის დავალებებს. როგორც იანუკოვიჩმა მიიღო თავის დროზე რუსეთისგან დავალება და არ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, ზუსტად ამ გზას ადგას „ქართული ოცნება“. ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.