ანრი ოხანაშვილი - „ოცნების“ წარმომადგენლის ოჯახს რომ რუსეთიდან მიეღო ჰონორარი, რა ამბავში იქნებოდა ხოშტარია, რამდენად მორალურია, სხვას აბრალებდე რუსეთუმეობას და შენ იღებდე ამხელა შემოსავალს
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ოჯახის წევრს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომ მიეღო ჰონორარები, წარმოიდგინეთ, რა ამბავში იქნებოდნენ თავად ხოშტარია ან სხვა „პროდასავლური“ ინტერესების გამტარებლები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.
ოხანაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ ჩანს ქვეყნის ეროვნული ინტერესებისადმი დამოკიდებულება.
„ეს არის მათი მიდგომა და სტანდარტი. ეს ადამიანები მორალს უკითხავენ სხვას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. რამდენად მორალურია, სხვას უკითხავდე მორალს, აბრალებდე რუსეთუმეობას და ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოჯახის წევრი იღებდეს ამხელა შემოსავალს. რა მორალურ სტანდარტში ჯდება ან რაზე გვაფიქრებინებს, ამას ჩვენი საზოგადოება კარგად ხვდება და ამ ყველაფერს კარგად აფასებს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.