ანრი ოხანაშვილი - პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარსადგენად
საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა დადო შეფასება წარდგენილ მასალაზე დაყრდნობით, რაც მათ პროკურატურიდან მიეწოდათ, რომ იკვეთება – ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ჰქონდათ სქემა, რომელიც მიუთითებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე, რაც, მათი შეფასებით, ასევე საკმარისია სახელმწიფო ბრალდების წარსადგენად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ზოგადად უნდა ითქვას, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც პროცესი გახსნა და გახსნა იმ თვალსაზრისით, რომ პროცესში ჩართო საერთაშორისო ექსპერტები“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არსებობს საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით რჩევებს და კონსულტაციებს უწევს საქართველოს პროკურატურას და აფიქსირებს საკუთარ პოზიციას.
„შესაბამისად, მეტი გამჭვირვალობისთვის, ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, როდესაც საერთაშორისო დონის ექსპერტებს რთავ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ექსპერტებს, მით უმეტეს როდესაც ისეთი დონის საერთაშორისო ექსპერტებს რთავ, როგორებიც არიან ბატონი კოფი და ბატონი ლადორი – ერთ შემთხვევაში ბატონი ლადორი იყო სახელმწიფო პროკურორი ისრაელის, ხოლო ბატონი კოფი იყო ასევე ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დირექტორი. მათ აქვთ ძალიან დიდი სამუშაო გამოცდილება ამ სფეროში, აქვთ ძალიან მაღალი კვალიფიკაცია და როდესაც ასეთი დონის საერთაშორისო ექსპერტები არიან ჩართულნი ამ პროცესში, ეს მიუთითებს ამ პროცესის კიდევ უფრო გამჭვირვალობაზე.
რაც შეეხება მათ წინაშე დასმულ საკითხს, ჩემი ინფორმაციით და საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს ჯგუფი ჩართულია ასევე სხვა მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ბატონი ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით, ამ ჯგუფს მიეწოდა კონკრეტული მასალა, კონკრეტული მტკიცებულებები და მათ წინაშე დაისვა საკითხი, შეეფასებინათ, საკმარისი იყო თუ არა არსებული მტკიცებულებები, პროკურატურას განეხორცელებინა ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. ამ ჯგუფმა დადო მოსაზრება, შეფასება იმ წარდგენილ მასალაზე დაყრდნობით, რაც მათ პროკურატურიდან მიეწოდათ, რომ ბატონ ხაზარაძეს, ბატონ ჯაფარიძეს, იკვეთება, რომ ჰქონდათ სქემა, რომელიც მიუთითებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე, რაც, მათი შეფასებით, ასევე საკმარისია სახელმწიფო ბრალდების წარსადგენად, შესაბამისად, მათ მიიჩნიეს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის გამართლებული იმისთვის, რომ წარიმართოს მათ მიმართ ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული აქვთ კონკრეტული ბრალი და საერთაშორისო ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მათ ბრალი წარედგინათ, სავსებით საკმარისია, რომ მათ მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა.
„რაც შეეხება სასამართლო პროცესს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არ შევდივართ კონკრეტულ შეფასებაში. ჩვენ ვიცავთ ყველა პირის უდანაშაულობის პრეზუმფციას და ახლა ჯერი სასამართლოში განხილვაზეა, მხარეები როგორ წარმართავენ საკუთარ ტაქტიკას და პოზიციებს, რათა შემდგომ სასამართლომ იმსჯელოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება“, – დასძინა ანრი ოხანაშვილმა.