ანრი ოხანაშვილი - პოლიტსაბჭოს შემადგენლობა შერჩეულია სამართლიანი კრიტერიუმით და არა პიროვნული ფაქტორით
პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა არა პიროვნული ფაქტორებით, არამედ სამართლიანი კრიტერიუმებით შეირჩა, – ამის შესახებ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე – განსხვავებული მოსაზრების გამო ხომ არ დარჩა რამდენიმე დეპუტატი პოლიტსაბჭოს მიღმა, ოხანაშვილი პასუხობს, რომ ასე არ არის და პოლიტსაბჭოში პარლამენტის არც ერთი კომიტეტის თავმჯდომარე არ შედის.
„პოლიტსაბჭოს წევრთა კანდიდატურები შერჩეულია სამართლიანი კრიტერიუმით. ეს არ არის პიროვნული ფაქტორი. არც ერთი კომიტეტის თავმჯდომარე არ შედის პოლიტსაბჭოში, შესაბამისად, ეს არის სამართლიანი ფაქტორი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე საკუთარი მოსაზრების გამოთქმის გამო არ შევიდა პოლიტსაბჭოში, ასე არ არის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, კომიტეტის თავმჯდომარეებს ძალიან ბევრი საქმე აქვთ. პოლიტსაბჭო კი, მოქნილი უნდა იყოს, უფრო ნაკლები შემადგენლობით და ამიტომაც იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული.
„პატივს ვცემ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა მან.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა. როგორც კალაძემ განაცხადა, პოლიტსაბჭოში 15 წევრი იქნება.
ამასთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი აღარ იქნება.
ახალ პოლიტსაბჭოს 11 მაისს, პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ. ასევე, ყრილობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ.