ანრი ოხანაშვილი - პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებაზე რეგულაცია დროებითი ღონისძიებაა და ამ ეტაპზე 15 ივლისამდე იმოქმედებს
ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ განაცხადა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებები დღეს მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
„იმ გამოცდილების ფონზე, რაც გვაქვს მეზობელ ქვეყნებში, საერთაშორისო გამოცდილების ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს ექსპერტების, ეპიდემიოლოგების რჩევები და რეკომენდაციები გვეუბნებიან, რომ აუცილებელია პირბადის ტარება. ვამსუბუქებთ იმ წესთან შედარებით, რაც დღეს არსებობს, დღეს არის საკმაოდ მკაცრი რეგულაცია. ვინაიდან ჩვენ ვართ ახალ სტადიაზე კორონავირუსთან ბრძოლის, მიგვაჩნია, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა უნდა ისჯებოდეს ადმინისტრაციული წესით, 20 ლარით და არა, 2 ათასი ლარით. ეს არის დროებითი ღონისძიება. შესაბამისად, ეს წესი ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება, როგორი რეგულაციებით გაგრძელდება მოქმედება 15 ივლისის შემდეგ.
„ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დასჯა, ჩვენი მიზანია, პრევენცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევაკაოთ ვირუსის გავრცელება. პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორებიცაა სკვერები, ღია სივრცეები, ქუჩაში, არ მოითხოვება. ყოველგვარ სპეკულაციას რომ წერტილი დაესვას, არანაირი მოთხოვნა იმასთან მიმართებაში, რომ ქუჩაში პირმა ატაროს პირბადე, არ არსებობს. რაც შეეხება დახურულ საჯარო სივრცეებს, რაც არ არის განკუთვნილი კერძო საკუთრების მიზნებისთვის, იქ სავალდებულოა პირბადის ტარება. სერვისით სარგებლობის დროს, სავაჭრო ობიექტებში, ასევე საჯარო დახურულ სივრცეებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების, ტაქსით გადაადგილების დროს აუცილებელია პირბადის გამოყენება. ეს ვირუსის გავრცელების, შეკავების ერთ-ერთი ეფექტიანი მექანიზმია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტმა პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით, გუშინ 73 მომხრე ხმით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები 500 ლარით. 20-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტაქსის შემთხვევაშიც.
პარლამენტი პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებებს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს.