პარლამენტი პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს
პარლამენტი პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს

პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტში მსჯელობა გრძელდება.

კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით დღეს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოხდება, შემდეგ კი პლენარულ სესიაზე გაგრძელდება.

კანონპროექტი ერთ-ერთი ავტორი ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით სესიაზე დღეს მესამე მოსმენაც მოხდეს.

მმართველი გუნდის განმარტებით იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელება უკონტროლო არ გახდეს, საჭიროა სიფრთხილე.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განვიხილავთ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც შეეხება პირბადეების ტარების საკითხს მეორე მოსმენით. ამის შემდგომ გვექნება პლენარული სხდომაზე ასევე მეორე მოსმენით განხილვა და შემდგომ ვფიქრობთ, რომ დღესვე შევძლებთ მესამე მოსმენით განხილვას.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ პანდემიასთან ბრძოლა არ არის დასრულებული, ამას აქვს ახალი სტადია. შესაძლებელია, გვქონდეს კიდევ უფრო მეტი გამოწვევა. ჩვენ არ გვსურს მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, რომ მოგვიწიოს ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან კიდევ უფრო ისეთი სიტუაცია, რისი კონტროლიც იქნება რთული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობენ და კანონპროექტის განხილვას არ ესწრებიან.

ცვლილებების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები 500 ლარით. 20-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტაქსის შემთხვევაშიც.

პარლამენტმა პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით, გუშინ 73 მომხრე ხმით დაამტკიცა.