ანრი ოხანაშვილი - პირბადეებზე რეგულაცია, არ გულისხმობს სკოლის მოსწავლის დაჯარიმებას, ეს ყველამ უნდა გაითავისოს
ანრი ოხანაშვილი - პირბადეებზე რეგულაცია, არ გულისხმობს სკოლის მოსწავლის დაჯარიმებას, ეს ყველამ უნდა გაითავისოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე ასაკის პირები არ დაჯარიმდებიან.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა რეზო არველაძემ დასვა საკითხი, შეეხებათ თუ არა ბავშვებს პირბადის წესის დარღვევის გამო, ჯარიმები.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან და შესაბამისად 16 წლამდე პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

„რაც შეეხება განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი ჯერ არ არის ნებადართული და დისტანციურ რეჟიმზე არის ეს ყველაფერი გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად სწორად და გათვლილად მოვახდენთ რეგულაციების ადაპტირებას შემდგომშიც, თუკი ეს დაგვჭირდება. ეს არ არის რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ვინმე სკოლის მოსწავლე დააჯარიმოს. 16 წლის ასაკიდან ადმინისტრაციული სამართალი ცნობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, ყველამ უნდა გაითავისოს ეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, იყო სპეკულაციები, თუ ადამიანს აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები და ვერ ატარებს პირბადეს მოხდება თუ არა მათ დაჯარიმება.

„ზოგადად სამართალი ცნობს პრინციპს, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს სჭირდება დაცვა, ვერავინ ვერ დაავალდებულებს, რომ გაიკეთოს პირბადე. ეს სპეკულაციებიც უნდა გამოვრიცხოთ. ვერავინ ვერ დააჯარიმებს იმას, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება. ჩვენ მივიღებთ ისეთ პროექტს, რომელიც იქნება მაქსიმალურად დაბალანსებული, არ იქნება გათვლილი ხანგრძლივად ჯარიმებზე, არამედ იქნება ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობაზე ორიენტებული, მაქსიმალურად მოვახდინოთ პრევენცია და დავიცვათ ჯანმრთელობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პირბადეების ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმები წესდება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარის ნაცვლად, 20 ან 30 ლარი იქნება.