პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარის ნაცვლად, 20 ან 30 ლარი იქნება 
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარის ნაცვლად, 20 ან 30 ლარი იქნება 

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პირი 50 ლარის ნაცვლად შესაძლოა, 20 ან 30 ლარით დაჯარიმდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, უმრავლესობის წევრების პოზიციაა, რომ 50 ლარი არ უნდა იყოს მყარად ფიქსირებული ჯარიმა.

„ჩვენ კომიტეტზე დავსვამთ საკითხს, რომ ეს არ იყოს 50-ლარიანი ფულადი თანხა. სავარაუდოდ, 20-დან 30 ლარამდე იქნება დაკორექტირებული ეს თანხა. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, რომ მაქსიმალურად შევაფერხოთ კორონავირუსის გავრცელება. ამისთვის პირბადე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ყველა პირს დახურულ საჯარო სივრცეში ჰქონდეს ვალდებულება, ატაროს პირბადე. ღია სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულება არ არსებობს, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც არ არის გათვალისწინებული. გავწერეთ წესები, რომელიც ითვალისწინებს, რომ დახურულ ღია სივრცეში, მაგალითად: სერვისით სარგებლობის დროს, კონკრეტული მომსახურების მიღების დროს, კონკრეტული სავაჭრო მოქმედების განხორციელების დროს, როდესაც ეს ხდება დახურულ საჯარო სივრცეში, ამისთვის აუცილებელია, ფიზიკურმა პირმა ატაროს პირბადე. ასევე კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა უნდა უზრუნველყოს კონტროლი, რომ პირბადის გარეშე პირი არ შევიდეს დახურულ სივრცეში. ფიზიკური პირებისთვის ასეთი წესის დაუცველობისთვის გათვალისწინებულია 50-ლარიანი ფულადი თანხა, ხოლო იურიდიული პირისთვის 500-ლარიანი. ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დროს, გადაადგილებისთვის აუცილებელია, როგორც მძღოლს, ასევე მგზავრს ჰქონდეთ პირბადე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.