ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციურ ჯგუფებს მოვუწოდებ, გაუსწორონ თვალი მათი ხელისუფლების პირობებში მომხდარ დარღვევებს, სიმბოლურიც იქნება მათგან მოქალაქეებისთვის ბოდიშის მოხდა 
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციურ ჯგუფებს მოვუწოდებ, გაუსწორონ თვალი მათი ხელისუფლების პირობებში მომხდარ დარღვევებს, სიმბოლურიც იქნება მათგან მოქალაქეებისთვის ბოდიშის მოხდა 

სწორედ 2012 წლამდე ჩადენილი ქმედებების გამო, რაც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში გამოიხატა, ჩვენს ხელისუფლებას უწევს კომპენსაციის სახით მილიონობით ლარის გადახდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, თანხა ვერ შეცვლის ვერანაირი უფლების აღდგენას მაშინ, როდესაც საუბარია უმძიმეს დარღვევებსა და უმძიმეს მუხლებზე.

„თუმცა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები პირნათლად შევასრულოთ, 2012 წლამდე არსებული უხეში დარღვევების შედეგად მინიმალური სტანდარტით მაინც, თანხობრივი კომპენსაციის თვალსაზრისით, აღვადგინოთ ადამიანთა უფლებები“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ხელისუფლების აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პროგრესი თვალსაჩინოა.

„ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. სწორედ სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც აქვეყნებს პერიოდულად ევროპის საბჭო, ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პროგრესი თვალსაჩინოა. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ორგანოს, ყველა უწყებას, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. ერთ-ერთი წამყვანი უწყება გახლავთ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის მინისტრს ,მის მოადგილეებს, ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში, მინდა, მადლობა გადავუხადო. პროგრესი ნათელია, პროგრესზე მეტყველებენ ფაქტები, ამაზე მეტყველებს სტატისტიკა და მისასალმებელია, როდესაც ხუთჯერ არის შემცირებული სტრასბურგის სასამართლოში ჩვენი მოქალაქეების მიმართვიანობა. სამწუხაროა, რომ ჩვენ გვიწევს მილიონობით ლარის გადახდა ჩვენი მოქალაქეების გადახდილი თანხით ბიუჯეტიდან, თუმცა ეს არის ის აუცილებელი და საჭირო მექანიზმი, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაწიოს 2012 წლამდე ჩადენილი უხეში დარღვევებისთვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა და დასძინა, რომ პარლამენტში აღნიშნულ საკითხებზე განხილვებს არ ესწრებიან ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც თავს იწონებდნენ უფლებების დაცვაზე.

„სხვათა შორის, ჩვენ არ გვიკვირს, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ოპოზიციური და ჯგუფები, რომლებიც თავს იწონებდნენ უფლებების დაცვაზე და თითქოს რეფორმებზე, ნათელია, რომ ამ განხილვებს არ ესწრებიან. როგორც ჩანს, აქვთ გარკვეული კომპლექსი იმის, რომ თვალი არ გაუსწორონ იმ ანგარიშებსა და უფლებების იმ დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მათი ხელისუფლების პირობებში. მე მოვუწოდებ მათ, რომ დაესწრონ კომიტეტის განხილვებს, ჩაერთონ ამ პროცესში და გაუსწორონ თვალი იმ დარღვევებს, რაც განახორციელეს. სიმბოლურიც იქნება მათგან ბოდიშის მოხდა ჩვენი მოქალაქეებისთვის იმ ადამიანებისთვის, ვის მიმართაც არის გამოტანილი გადაწყვეტილებები. არაერთი გახმაურებული საქმეა, მაგალითად, სულხან მოლაშვილის, ირაკლი ბათიაშვილის,  ენუქიძე-გირგვლიანის დაკიდევ  არაერთი საქმე, რომელიც უკავშირდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილ უმძიმეს დარღვევებს, ასევე, მკურნალობის არაადეკვატურობას, რომელსაც სიტყვა-სიტყვით იყენებს სტრასბურგის სასამართლო. ამიტომ საინტერესოა, თუ ექნებათ პოზიციები ამასთან დაკავშირებით. თუმცა სიმბოლურია, რომ ისინი დღევანდელ კომიტეტის სხდომას არ ესწრებიან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს.