ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას კითხვები თუ აქვს, შეუძლია, მობრძანდეს პარლამენტში და დასვას, დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილი ყველა კითხვას გასცემს პასუხს
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას კითხვები თუ აქვს, შეუძლია, მობრძანდეს პარლამენტში და დასვას, დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილი ყველა კითხვას გასცემს პასუხს

ოპოზიციას შეკითხვები თუ აქვს, შეუძლია, მობრძანდეს პარლამენტში და დასვას, დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილი ყველა შეკითხვაზე გასცემს პასუხს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ღარიბაშვილს ერთსულოვნად მხარს დაუჭერს.

„ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ერთსულოვნად გამოუცხადებს მხარდაჭერას. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, რა პოზიციაზე დარჩება საპარლამენტო ოპოზიცია. სახეებზე ეტყობოდათ, ეს უკან დახევა იყო თუ წინსვლა. მათ სახეებზე ამოიკითხავდით, რამდენად გაოგნებულები იყვნენ. წინ გველის საინტერესო პროცესები. ჩვენი უპირველესი საზრუნავია ჩვენი საზოგადოების ინტერესები, მათი ჯანმრთელობა, დასაქმება, ეკონომიკა. ყველა სხვა საკითხის გადაწყვეტას, რომელიც თანმდევი პროცესია, უზრუნველყოფთ დემოკრატიულ ფარგლებში.

ოპოზიციას თუ აქვს რაიმე ინტერესი, ან შეკითხვა, შეუძლიათ მობრძანდნენ პარლამენტში და დასვან. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილი ყველა შეკითხვაზე გასცემს პასუხს. შეკითხვები არ მაქვს, ვინაიდან ის არის ადამიანი, რომლის სახელიც დაკავშირებულია პროფესიონალიზმთან და ქვეყნის სიყვარულთან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.