ანრი ოხანაშვილი - ნიკა მელიამ უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც განსაზღვრულია სასამართლო განჩინებით
ანრი ოხანაშვილი - ნიკა მელიამ უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც განსაზღვრულია სასამართლო განჩინებით

ნიკა მელიას აკისრია ვალდებულებები და უნდა შეასრულოს ეს ვალდებულებები, რომელიც განსაზღვრულია სასამართლო განჩინებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე არც პარლამენტს უმსჯელია და არც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ამ საკითხზე საუბარი.

„სასამართლომ იმსჯელა კონსტიტუციასა და კანონზე დაყრდნობით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოიტანა აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო, ასევე, დააკისრა ვალდებულებები. საცხოვრებელი სახლის დატოვების უფლება მას ექნება იმ შემთხვევაში, თუკი ამის უფლება ექნება განსაზღვრული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ასევე, შეზღუდული აქვს საჯარო გამოსვლის უფლება. ჩამორთმეული აქვს პირადობის მოწმობა და პასპორტი. ასევე, მას აეკრძალა კონკრეტულ პირებთან ურთიერთობა. ეს ნიშნავს, რომ მას აკისრია ვალდებულებები და მან უნდა შეასრულოს ეს ვალდებულებები, რომელიც განსაზღვრულია სასამართლო განჩინებით. რაც შეეხება მის სადეპუტატო უფლებამოსილებას, არც ჩვენ, საქართველოს პარლამენტს არ გვიმსჯელია მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე ან აკრძალვაზე. ჩვენ ვიმსჯელეთ და გავეცით ნებართვა, მივეცით უფლებამოსილება გენერალურ პროკურორს, მიემართა აღკვეთის ღონისძიების საკითხის მსჯელობის მიზნით სასამართლოსთვის. მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა ჩვენი ნებართვა და აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენებდნენ თუ არა პატიმრობას, ეს იყო სასამართლოს გადასაწყვეტი. სასამართლომ არ გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა და გამოიყენა გირაო. ასევე, დააკისრა ვალდებულებები, რაც არ ნიშნავს დეპუტატის მანდატის უფლებამოსილების შეჩერებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სასამართლომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, მელიას უნდა აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელიამ საგამოძიებო ორგანოს პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა ჩააბაროს.