ანრი ოხანაშვილი - „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში საბოტაჟის რეჟიმში იყო, ეს საბოტაჟი გაამძაფრეს, როგორც კი დაინახეს, რომ ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით დიდი პერსპექტივა გაგვიჩნდა
ანრი ოხანაშვილი - „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში საბოტაჟის რეჟიმში იყო, ეს საბოტაჟი გაამძაფრეს, როგორც კი დაინახეს, რომ ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით დიდი პერსპექტივა გაგვიჩნდა

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოსვლისთანავე იყო საბოტაჟის რეჟიმში, მათ ეს საბოტაჟი გაამძაფრეს, როგორც კი დაინახეს, რომ ჩვენ გაგვიჩნდა დიდი პერსპექტივა ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების ბოიკოტის გამოცხადება იყო საბოტაჟი.

„საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტაზე „ნაციონალური მოძრაობისგან“ ოფიციალურ განცხადებას ველოდებით. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოსვლისთანავე იყო საბოტაჟის რეჟიმში, მათ ეს საბოტაჟი გაამძაფრეს, როგორც კი დაინახეს, რომ ჩვენ გაგვიჩნდა დიდი პერსპექტივა ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. მათი მხრიდან 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით სამუშაო ჯგუფების ბოიკოტის გამოცხადება იყო საბოტაჟი.

საბოტაჟის გარდა, არაფერს აკეთებენ, რაც წარმოადგენს ევროკომისიის პირველი პუნქტის დარღვევას, რაც დეპოლარიზაციას გულისხმობს. მათ არ სურთ, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში იხილონ. საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა მანდატის დატოვებას ნიშნავს და ველოდებით მათი პოზიციის თაობაზე განცხადებას. იმედია, აქაც უკან არ დაიხევენ და ისეთივე შემართებით შემოიტანენ განაცხადს, როგორც საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტაზე განაცხადეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს.